ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი რუსეთში დაბრუნებაზე უარს ამბობს. ამის მიზეზი, ФСБ-ეს მიერ ბიზნესმენის მუზეუმში - „Собрание“ ჩატარებული ჩხრეკა გახდა. როგორც დავით იაკობაშვილი BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, არ დაბრუნდება ქვეყანაში, სადაც მსგავსი არაადეკვატური ქმედებები ხდება.
რუსეთის დაზვერვის ფედერალურმა სამსახურმა მუზეუმ „Собрание“-ში რამდენიმე დღის წინ ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ ინფორამცია РБК-მ ბიზნესმენის ერთ-ერთი ნაცნობის ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა. წყაროს ინფორამციით, აღნიშნული ჩხრეკა სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება, რომელიც დავით იაკობაშვილის წინააღმდეგ, მისი ყოფილი პარტნიორის ბორის მინახის საჩივრის საფუძველზე აღიძრა.
მინახის ბრალდებით, იაკობაშვილმა ერთ-ერთი რეგიონალური პორტის სახსრები მიითვისა. თუმცა, აღნიშნულზე დავით იაკობაშვილი კომენტარს არ აკეთებს, ისევე როგორც რუსეთის დაზვერვის ფედერალური სამსახური.
მოსკოვის ქალაქის სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს მინახიმ იაკობაშვილს სესხებთან დაკავშირებით უჩივლა და დადებული შეთანხმების საფუძველზე ბიზნესმენისგან 4,7 მლნ დოლარის კრედიტის მიღება მოითხოვა. იაკობაშვილმა მოთხოვნა უარყო და განაცხადა, რომ არავითარი ფინანსური ვალდებულებები თავის ყოფილ პარტნიორთან არ გააჩნია. მისივე თქმით, მინახი რეგულარულად, ყოველგვარი დოკუმენტების გაფორმების გარეშე, იღებდა მისგან დიდ თანხებს და ვალები დღემდე არ დაუფარავს.
2018 წლის ოქტომბერში, მოსკოვის ტაგანსკის რაიონის სასამართლომ უარი თქვა მინახის სარჩელის დაკმაყოფილებაზე, საკრედიტო შეთანხმებების დედნების არ არსებობის გამო, თანაც მოსამართლემ ჩათვალა, რომ წარდგენილი ასლები შესაძლოა, კომპიუტერული მონტაჟის გამოყენებით შექმნილიყო. ნოემბერში კი, მოსკოვის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ დაამტკიცა.
თუმცა, როგორც ჩანს, საქმე არ დასრულებულა, რაზეც რუსული დაზვერვის აქტიურობა მეტყველებს.
როგორც დღეს, დავით იაკობაშილმა BBC-სთან საუბრისას განცხადა, ის ამჟამად ევროპაშია და არსად გაქცევას არ აპირებს, თუმცა ამ ვითარებაში არც რუსეთში დაბრუნება შედის მის გეგმებში.
„მარტიდან რუსეთში არ ვყოფილვარ. მე აქ (ევროპაში) ვარ. ვმუშაობ და გამოვიმუშავებ თანხას, რათა შევინარჩუნო მუზეუმი. რუსეთში ჩასვლას არ ვაპირებ. თუმცა, არსად გავრბივარ, თუ ვიგრძნობ საფრთხეს, შემდეგ გავიქცევი“,- განაცხადა დავით იაკობაშვილმა.
მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მუზეუმის წინააღმდეგ დაიწყო, გამკლავებას მოითხოვს.
მისივე თქმით, ამჟამად რუსეთში აქტიური საქმეები არ აქვს. რაც შეეხება მუზეუმს, როგორც დავით იაკობაშილი აღნიშნავს, ის საკუთარ თავს თვითონ ამუშავებს.
იაკობაშვილი აცხადებს, რომ მოსკოვში ჩატარებული ჩხრეკის დროს იგი ჟენევაში იმყოფებოდა, ახლა კი საფრანგეთშია.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ცენტრში ანტიკვარული საათების და მექანიკური მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი «Собрание», ბიზნესმენმა 2018 წელს გახსნა.
ამასთან, დავით იაკობაშვილი შედის რუსეთის მეწარმეთა კავშირის გამგეობაში და ამავე ორგანიზაციაში ხელმძღვანელობს კორპორატიული ეთიკის კომისიას.
დავით იაკობაშვილი ასევე, მსხვილი რუსული რძის, წვენებისა და სასმელების მწარმოებელი კომპანიის სს "ვიმ-ბილ-დან"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია და 2001-2010 წლებში კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც იყო.
წლების განმავლობაში მის სახელს საქართველოშიც არაერთი ბიზნესი უკავშირდებოდა.
РБК- ს მონაცემებით, იაკობაშილის ქონება ამ დროისთვის, 750 მლნ დოლარს შეადგენს.