მერია ღონისძიებას „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ გამართვას გეგმავს. პროექტის ორგანიზების მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადადებების მიღება 30 ივნისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 87 050 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, პროექტის მიზანი კერძებისა და სასმელების მწარმოებელი ადგილობრივი მეწარმეების/ფიზიკური პირების ხელშეწყობა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი კერძების და სასმელების მწარმოებელი დამწყები მეწარმეების/ფიზიკური პირების ხელშეწყობის მიზნით გეგმავს „თბილისური ბაზრის“ მორიგი სერიის - „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“/„Tbilisi Street Food Park” ორგანიზების მომსახურების შესყიდვის განხორციელებას. ღონისძიება ხელს შეუწყობს კვების ინდუსტრიის და დამწყები მეწარმეების/ფიზიკური პირების წარმოების განვითარებას. ღონისძიება დაკომპლექტებული იქნება დამწყები კვების სტარტაპებით. ღონისძიების ფარგლებში, მეწარმეების/ფიზიკური პირების ხელშეწყობასთან ერთად, შეიქმნება სოციალური სივრცე მეგობრული შეკრებებისთვის, ოჯახებისთვის და ტურისტებისთვის.
ყოველ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 85-მა მონაწილემ, მათ შორის: არანაკლებ 12-მა დამწყებმა სწრაფი კვების ობიექტმა; 60-მა სურსათის და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელმა; 10-მა ღვინის და 3-მა ლუდის მწარმოებელმა,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.