კვირის განმავლობაში 7 დღით მუშაობა შესაძლოა, აიკრძალოს.
ამის შესახებ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების კანონპროექტშია აღნიშნული. პროექტი, რომლის ავტორიც პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილია, საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, დღეს შრომის კოდექსი კვირის განმავლობაში დასვენების დღეების ოდენობას არ ადგენს. რის გამოც ხშირად გვხვდება, რომ დასაქმებულები კვირაში 7 დღეს მუშაობენ.
ცვლილების შედეგად კი, შრომის კოდექსში გაჩნდება ისეთი ჩანაწერი, რომელიც დასაქმებულთათვის კვირაში სამუშო დღეების მაქსიმალურ ოდენობად - 6 დღეს დაადგენს. შესაბამისად 1 კვირის განმავლობაში დამსაქმებელს შეეძლება პირი, მხოლოდ 6 დღით დაასაქმოს.
„დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი და დასაქმებულის შესასრულებელი სამუშაო ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს – კვირაში 48 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.
შრომის კოდექსში აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებდეს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, მაგრამ შესასრულებელი სამუშაო თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე არ ითვალისწინებდეს აღნიშნულს სხვა დასაქმებულთათვის.
ადამიანის ჯანმრთელობის ფიზიკური, გონებრივი თუ პირადი ცხოვრებისათვის, დამსაქმებელმა დასაქმებული უნდა უზრუნველყოს ნამუშევარი საათების ადეკვატური დასვენების დროით, მაგალითად, როდესაც ცვლიანობის განრიგი ითვალიწინებს დასაქმებულის მიერ 18 საათიან ან 24 საათიან სამუშაო დროს, ცვლის დასრულების შემდეგ დასაქმებულის დასვენების დრო უნდა შეადგენდეს მინიმუმ 18 ან შესაბამისად 24 საათს,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
ამასთან, ახალი რედაქციით დამსაქმებელი ვალდებული იქნება აწარმოოს სამუშაო დროის აღწერა და აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამუშაო დროის შესახებ წარმოშობილი დავის შემთხვევაში სწორედ მას ეკისრება სამუშაო დროსთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ავტორ/ინიციატორი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.