გმირთა მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება.
კერძოდ, მოედნის მიწისქვეშა გზაგამტარის რეაბილიტაციის მიზნით დედაქალაქის მერიამ ტენდერი უკვე მეორედ გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 14 ივლისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 3 953 094 ლარია.
„საბოლოო მდგომარეობით გმირთა მოედნის სატრანსპორტო კვანძი იკვეთება სამ დონეზე და თავისი დანიშნულებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია თბილისში. სატრანსპორტო კვანძის ქვედა დონეს წარმოადგენს არსებული მიწისქვეშა გზაგამტარი (გვირაბი და პანდუსები). გმირთა მოედანზე ჩატარებულმა მასშტაბურმა სამშენებლო სამუშაოებმა და 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ ზეგავლენა მოახდინა მიწისქვეშა გზაგამტარის ნაგებობაზე და არსებული მდგომარეობით მიწისქვეშა გზაგამტარი რეაბილიტაციას საჭიროებს.
ტექნიკური დავალება ითვალისწინებს მიწისქვეშა გზაგამტარის საკვლევაძიებო სამუშაოებს, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს გამოვლენილი დაზიანებების და დეფექტების რეაბილიტაციის ღონისძიებების შემუშავება. საარქივო მასალების და ადგილზე შესწავლის საფუძველზე, პროექტში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:
გვირაბის გადახურვის დაზიანებული ჰიდროიზოლაციის მოხსნა და ახლის მოწყობა;სადრენაჟო სისტემის და ვერტიკალური დრენაჟის მოწყობა;კონსტრუქციების დეფექტური ადგილების აღდგენა;ტროტუარების და წყალმოსაცილებელი მოწყობილობების რეკონსტრუქცია;გვირაბის და პანდუსების კედლების შემოსვა (მოპირკეთება);საგზაო სამოსის აღდგენა;ხანძარსაწინააღმდეგო მშრალი მილსადენის და სახანძრო კარადების მოწყობა;არსებული ელექტროქსელის და განათების შეცვლა,“- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება ავტოსატრანსპორტო ნაკადების შეწყვეტის გარეშე, ადგილობრივი რეგულაციების შემოღებით განხორციელდება. კალენდარული გრაფიკის მიხედვით, მშენებლობის საერთო საორიენტაციო ხანგრძლივობა 80 დღეს შეადგენს.
ცნობისთვის, გმირთა მოედნის რეაბილიტაციაზე ტენდერი მიმდინარე წლის მაისშიც გამოცხადდა, თუმცა შესყიდვა უარყოფითი შედეგით დასრულდა.