რუსეთის ფაქტორი ქართულ ეკონომიკაში

მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლებისგან განსხვავებით ქართული ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დივერსიფიცირებული, რუსეთზე დამოკიდებულება კვლავაც მაღალია.

უფრო მეტიც, 2018 წელს ქართულ-რუსულმა სავაჭრო ბრუნვამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ($1.373 მილიარდი ან/და მთლიანი საგარეო ვაჭრობის 11%), რაც არა ტრადიციულად - იმპორტის ზრდით, არამედ ექსპორტის პიკზე ყოფნითაა განპირობებული. წინა წელთან შედარებით 2018 წელს ექსპორტი რუსეთში 10%-ით გაიზარდა და $437.3 მლნ შეადგინა; იმპორტი კი 17%-ით $935.7 მლნ-მდე გაიზარდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში რუსული პროდუქცია ქართულ დახლებზე უალტერნატივო იყო და ოფიციალური სტატისტიკით აღრიცხულ საშუალოდ 15%-ს, დამატებით არარეგისტრირებული კონტრაბანდული საქონელიც ემატებოდა. ექსპორტის თვალსაზრისით კი რუსული ბაზარი მთლიან ექსპორტთან მიმართებაში ისტორიული 31.3%-დან, ეტაპობრივად მცირდებოდა. 2006 წლის ემბარგომ, რუსეთის წილი ქართულ ექსპორტში 2005 წლის 17.8%-დან 2011 წლის 1.7%-მდე შეამცირა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბაზრის ჩაკეტვით გამოწვეული ეკონომიკური სტრესი, ნაწილობრივ სხვა ქვეყნებში დივერსიფიკაციით დაბალანსდა.

წყარო: საქსტატი და ეროვნული ბანკი. დამუშავებულია ავტორების მიერ

ცალკეული მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, მშპ-თან რუსეთის წილი ქართულ ეკონომიკაში განსხვავებულია. კერძოდ: რუსეთის პოზიცია დომინანტურია ფულადი გზავნილების ჭრილში - 2.5%; ტურიზმი - 3%-ია; ექსპორტი - 2.7%-ს შეადგენს; ხოლო ყველაზე უმნიშვნელო მაჩვენებელი უცხოურ ინვესტიციებს უჭირავს - 0.37%.

წყარო: საქსტატი და ეროვნული ბანკი. დამუშავებულია ავტორების მიერ

შეიძლება დავასკვნათ, რომ ფინანსური კუთხით რუსეთი საქართველოს მსხვილი ეკონომიკური პარტნიორია. თუმცა, ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ დარგებში, სადაც რუსეთის გავლენა დიდია, მაღალია ინკლუზიურობის მაჩვენებელიც, მაგ.: ტურიზმი და მეღვინეობა-მევენახეობა.

საქართველოს 2017-2019 წლების ექსპორტის სტრუქტურიდან ჩანს, რომ რუსეთის ალტერნატივად მიჩნეულ, ევროკავშირისა და ჩინეთის ბაზრებზე მდგომარეობა განსხვავებულია. თუ პოლიტიკურ რისკებს არ გავითვალისწინებთ, რუსეთი საკმაოდ სტაბილურ ბაზრად არის ჩამოყალიბებული ქართული ექსპორტისათვის; საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში მყოფი ჩინეთის ბაზარი ამ ეტაპზე საკმაოდ მერყევია, თუმცა უსასრულო შესაძლებლობების მქონეა; ხოლო ყველაზე სტაბილური და მზარდი კი ევროკავშირის ბაზარია, რომელთანაც საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება 2014 წელს გააფორმა.

ცნობისთვის, საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულმა 10-მა უმსხვილესმა პროდუქციამ - $375.5 მლნ (რუსეთში ექსპორტის - 86%) შეადგინა. მათ შორის: ფეროშენადნობები - $128.4 მლნ; ღვინო $114.5 მლნ; მინერალური წყალი - $50.2 მლნ. რუსეთიდან იმპორტირებულმა 10-მა უმსხვილესმა პროდუქციამ - $493.3 მლნ (რუსეთიდან იმპორტის - 52.7%) შეადგინა. კერძოდ: ნავთობპროდუქტები - $198.6 მლნ, ხორბალი - $95.8 მლნ; კოქსი და ნახევარკოქსი - $38.9 მლნ.

წყარო: საქსტატი, დამუშავებულია ავტორების მიერ

საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი - ღვინო, უკანასკნელ წლებში ზრდის მაღალი ტემპებით ხასიათდება. 2016-2018 წლებში რუსეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტი სტაბილურად მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა. მოცემულ პერიოდში ღვინის მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 49.1%-დან 63,4%-მდე გაიზარდა. ამასთან ერთად ისტორიულად უცვლელ რუსეთის ბაზარს უკვე ახალი სტაბილური ბაზრებიც შეემატა. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტზე მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86.2 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა, საიდანაც თითქმის 54 მილიონი ბოთლი რუსეთში, 32 მილიონ ბოთლზე მეტი კი მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნების მიმართულებით იქნა ექსპორტირებული. მიუხედავად რუსეთზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულებისა, იზრდება ალტერნატიული გასაღების ბაზრების არეალიც და მასშტაბიც.

დანარჩენ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტებში აღსანიშნავია რუსეთის წილი შემდეგ პროდუქტებში: უალკოჰოლო სასმელები - ექსპორტი $27.5 მლნ, რუსეთი - 30%; სანელებლები - ექსპორტი $8.6 მლნ, რუსეთი - 40%; ელექტროენერგია - იმპორტი $75.8 მლნ, რუსეთი - 12%.

აღსანიშნავია, რომ ქართულ-რუსული ვაჭრობის შეჩერების შემთხვევაში, არამხოლოდ ქართულ საექსპორტო პროდუქციას შეიძლება შეექმნას პრობლემა, არამედ იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკამაც შესაძლოა გამოიწვიოს, ერთი მხრივ ფასების ზოგადი დონის ზრდა და მეორე მხრივ, გარკვეული პროდუქტების დეფიციტი დროის გარკვეულ პერიოდში. ცნობისთვის, საქართველომ უკვე მოახერხა რუსულ ბუნებრივ აირზე 100%-იანი დამოკიდებულების 4%-მდე შემცირება.

„ნავთობი და ნავთობპროდუქტების“ იმპორტმა 2018 წელს საქართველოში 863.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია: რუსეთი (23%), რუმინეთი (22%), თურქმენეთი (17%) და აზერბაიჯანი (13%). მოკლევადიან პერიოდში, რუსეთის მხრიდან საბოტაჟის შემთხვევაში ქვეყანას შესაძლოა ნავთობპროდუქტების დეფიციტი შეექმნას. ამასთან ერთად აღსანიშნავია, საქართველოსა და რუსეთს შორის გაცვლილი ნებართვები სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების გატარებაზე, რომელიც რუსეთს შეუძლია ცალმხრივად შეამციროს, რითაც ფაქტობრივად ჩაკეტავს ვაჭრობას, ემბარგოს გამოუცხადებლად.

წყარო: სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

სხვა საიმპორტო პროდუქტებში, აღსანიშნავია რუსეთის მაღალი წილი შემდეგ პოზიციებში: ხორბალი, იმპორტის - 84%; მცენარეული ზეთი, იმპორტის - 83%; შოკოლადის ნაწარმი - 66%.

რუსეთის მიერ საქართველოსთვის შესაძლო ტურისტული ემბარგოს დაწესების შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ რუსი ტურისტების დანახარჯი მთლიან ტურისტულ დანახარჯებში ¼-ს ტოლი იყო, შესაბამისად მათი ჩანაცვლება მოკლევადიან პერიოდში გართულდება. ამასთან ერთად, რუსი ტურისტები, რომლებიც ვიზიტის განმავლობაში საშუალოდ 1 326 ლარს ხარჯავდნენ, ვერ ჩანაცვლდება მაგალითად, ესპანელი ტურისტებით, რომლებიც საშუალოდ 3-ჯერ მეტს ხარჯავენ ვიზიტის განმავლობაში (3541 ლარი), რადგანაც მათი სამომხმარებლო არეალი განსხვავებულია. კერძოდ, ესპანელი ტურისტები მაღალხარჯვით სეგმენტში მოიაზრებიან და მაგალითად, ისვენებენ ძვირადღირებულ სასტუმროებში, განსხვავებით რუსი ტურისტისგან, რომლებიც ძირითადად საშუალო კლასის და საოჯახო ტიპის სასტუმროებს ანიჭებენ უპირატესობას.

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. დამუშავებულია ავტორების მიერ

რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავაჭრო სანქციების დაწესების შემთხვევაში, გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე იქნება მნიშვნელოვანი. ექსპორტი რუსეთში მინიმუმამდე დაეცემა, ხოლო იმპორტის ჩანაცვლება გააძვირებს ზოგადი ფასების დონეს ქვეყანაში. ჩვენი დაშვებით მოკლევადიან პერიოდში რუსეთში ექსპორტის მაქსიმუმ 50%-ის ჩანაცვლებაა შესაძლებელი. შესაბამისად, დანაკარგი ივნის-დეკემბერში რუსეთში ექსპორტის განულების და სხვა ქვეყნებში პროდუქციის 50%-ის ჩანაცვლების შემთხვევაში მშპ-ს 0.7 პროცენტულ პუნქტს გაუტოლდება.

თუ დავუშვებთ, რომ 2018 წლის ბოლომდე დარჩენილ 6 თვეში რუსეთიდან, განახევრდება ვიზიტორების რაოდენობა, აგრეთვე თუ განულდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 20%-ით შემცირდება ფულადი გზავნილები და თუ ექსპორტი რუსეთში შეიზღუდება სრულად, მაგრამ 40%-ით ჩანაცვლდება სხვა ბაზრებით, დანაკარგი მშპ-ს 2.3%-ს გაუტოლდება.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით რუსეთიდან მომავალი ნეგატიური რისკების გავლენა მთლიან ქართულ ეკონომიკაზე ფინანსური თვალსაზრისით არ გამოიყურება კატასტროფულად, გასათვალისწინებელია, რომ სექტორები რომლითაც საქართველო გადაჯაჭვულია რუსეთზე, საქართველოში მასობრივ დასაქმებას უზრუნველყოფს. მაგალითად, ღვინის წარმოება და ტურიზმი ინკლუზიურ დასაქმებას უზრუნველყოფენ, რომელიც პირდაპირ და ირიბად ასეულობით ათას ადამიანს ასაქმებს. ხოლო ფულადი გზავნილები კი უზრუნველყოფენ ადგილობრივი მოთხოვნის მდგრადობას და სოციალურ სტაბილურობას. მთლიანობაში ფულადი ნაკადები თითოეული მიმართულებიდან კი ლარის სიმყარეს უწყობს ხელს. შესაბამისად, რუსეთზე დამოკიდებულება არც ისეთი მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს ფინანსური მაჩვენებლების გაანალიზებისას. თუმცა, მეორე მხრივ რუსეთთან ურთიერთობის არასაიმედოობის ფონზე, შემდგომი დივერსიფიკაციის გარეშე ქართული ეკონომიკის მდგრადობა ვერ იქნება სრულფასოვანი.

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი

ვახტანგ ჭარაია, ოთარ ანგურიძე, შოთა გულბანი