მთავრობა 135 მაღალი გამავლობის ჯიპს ყიდულობს, რომელიც შავი არ უნდა იყოს

მთავრობა 135 მაღალი გამავლობის ჯიპს ყიდულობს, რომელიც შავი არ უნდა იყოს. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 8 ივლისს დაიწყება და 9 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 9 045 000 ლარია.

კერძოდ, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვალის N121 დადგენილებით განსაზღვრული მე-3 კლასის (მაღალი გამავლობა - ჯიპი) 135 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რომლის რაოდენობაც საორიენტაციო ხასიათისაა და შეიძლება შეიცვალოს 20%-ის ოდენობით.

მთავრობის დადგენილების თანახმად, მე-3 კლასის ავტომობილები განპიროვნებულია:

  • რეგიონალური და/ან რაიონული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისათვის, რომელთა საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300 საშტატო ერთეულზე;
  • სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვა­ნელი და ხელმძღვანელის მოადგილე ან მასთან გათანაბრებული თანამ­დე­ბობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300 საშტატო ერთეულზე;
  • სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძ­ღვა­ნელის მოადგილე ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 300 საშტატო ერთეულს;
  • სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს დე­პარ­ტამენტის უფროსი ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 500 საშტატო ერთე­ულს.

რაც შეეხება გამოცხადებულ ტენდერს, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, შეთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2019 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. ასევე შემსყიდველის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ შესასყიდი ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა, ამასთან სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.

თაია არდოტელი