„ფორსაჟი 9-ის“ 10 წუთიან მონაკვეთს თბილისში გადაიღებენ. „ბიზნესპრესნიუსს“ ეს ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა.
გადაღებები დედაქალაქში აგვისტოში იგეგმება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისს ჰოლივუდიდან 200-მდე სტუმარი ეწვევა. ამასთან, ჩამოჰყავთ სპეცტექნიკა, მათ შორის სპეცტრაილერი, რომელიც ფილმის სიუჟეტის თანახმად, ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან გადავარდება. რაც შეეხება ბიუჯეტს, თბილისში გადაღებებზე 5 მლნ დოლარის დახარჯვა იგეგმება.
ამასთან, გადაღებების ფარგლებში თბილისში რამდენიმე ცენტრალური ქუჩაც გადაიკეტება. მათ შორის, საუბარია, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ძველი თბილისის ნაწილზე.
„ბიზნესპრესნიუსი“ აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს. ფილმის გადაღებებთან დაკავშირებით, დამატებით დეტალებს ინფორმაციის მიღებისთანავე მოგაწვდით.
ცნობისთვის, „ფორსაჟის“ მე-9 ნაწილის ტელეეკრანებზე გამოჩენა 2020 წელს არის დაგეგმილი. ფილმის მსახიობები ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, მიშელ როდრიგესი და სხვები არიან.