„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად მართვის მოწმობის აღება ძვირდება.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე წარდგენილია.
კერძოდ, მართალია ცვლილების შედეგად, თეორიულ გამოცდაზე დაშვება 40 ლარის ნაცვლად 20 ლარი გახდება, თუმცა რთულდება და შედარებით გაძვირდება პრაქტიკული გამოცდა, რომელიც ორეტაპიანი ხდება და მოქალაქეებს ჯერ შიდა მოედანზე, ხოლო შემდეგ რეალურ მოძრაობაში მოუწევთ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის მიხედვით, მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოცდის ფასები გათანაბრდება. შედეგად, ორივე შემთხვევაში გამოცდაზე ყოველი გასვლა შიდა მოედანზე - 40 ლარი ეღირება.
„თუ აქამდე თეორიული გამოცდის ღირებულება 40 ლარი იყო, ახლა 20 ლარამდე შემცირდება, ხოლო შედეგების მოქმედების ვადა 1 თვიდან 1 წლამდე იზრდება. რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდას, ახალ ეტაპს ახალი საფასო პოლიტიკა მოაქვს. B (მსუბუქი ავტომობილის) კატეგორიის მართვის მოწმობისთვის ჩვენ მიერ კანონში წარდგენილი საფასური 90 ლარია, ხოლო სხვა კატეგორიებისთვის - 150 ლარი.
დახურულ მოედანზე გამოცდის ჩასაბარებლად კი, მოგეხსენებათ, ავტომატური და მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის განსხვავებული საფასო ტარიფები მოქმედებდა. წარმოდგენილი ცვლილებით საფასურები გათანაბრდება და გამოცდის ჩასაბარებლად დახურულ მოედანზე ავტომობილით ყოველი გასვლა - ავტომატური თუ მექანიკური ტიპის გადაცემათა კოლოფით - 40 ლარი ეღირება.
დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარების შემდეგ მძღოლობის კანდიდატი რეალურ საგზაო პირობებში გამოცდაზე დაიშვება, სადაც ყოველი გასვლა, კატეგორიის მიხედვით, 90 ან 150 ლარი ეღირება,“-აცხადებს მომსახურების სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია.
ამასთან, აღსანიშნავია, უშუალოდ მართვის მოწმობის აღების საფასურიც, რაც სტანდარტულ პერიოდში 15 ლარი ჯდება.
რაც შეეხება პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანას, როგორც მორგოშია აცხადებს, მართვის მოწმობის აღების მსურველს დაახლოებით 20 კილომეტრის გავლა მოუწევს რეალურ საგზაო სივრცეში.
„ამგვარი მარშრუტები ყველა სერვისცენტრის მახლობლად მოეწყობა. ოთხი მარშრუტი უკვე განსაზღვრულია და მძღოლობის მსურველს არ ეცოდინება, კონკრეტულად, რომელ მარშრუტს შეურჩევენ. პირველ ეტაპზე B კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის ჩაბარება შესაძლებელი იქნება ყველა ჩვენს სერვისცენტრში ზუგდიდისა და ფოთის გარდა, რადგან ამ ქალაქებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს და რეალურ საგზაო სივრცეში გამოცდის ჩასატარებლად სივრცეების განსაზღვრა რთულია. როგორც კი დასრულდება სამუშაო, გამოცდის მეორე ეტაპისთვის მარშრუტები იქაც დაიგეგმება. რაც შეეხება მართვის მოწმობის სხვა კატეგორიებს, პირველ ეტაპზე შესაძლებელი იქნება მათი აღება დასავლეთ საქართველოში - ქუთაისში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - რუსთავში,“-აღნიშნა მორგოშიამ.