ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.
„ქობულეთის შემოვლითი გზა იწყება მდინარე ნატანების სახიდე გადასასვლელამდე, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 61+480-დან (შეკვეთილში), უხვევს მარცხნივ და კვეთს მდინარე ნატანებს. აღმოსავლეთის მხრიდან გადის გასართობ ცენტრ „ციცინათელასთან“, შემდეგ კვეთს მდინარეებს: ჩოლოქს, შავღელეს, ოჩხამურს, მიყვება საქართველოს რკინიგზას ქვედა მხარეს, მკვეთრად შორდება ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალს (ისპანის ჭაობს), კვეთს საქართველოს რკინიგზის ხაზს ყველაზე ხელსაყრელ ადგილას, შემდეგ უხვევს მარჯვნივ და მთავრდება სოფელ ოჩხამურის ტერიტორიაზე,“-აღნიშულია ბრძანებაში.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, აკაკი სიამაიშვილთან მის საკუთრებაში არსებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 45 702 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე. შესაბამისად, მისი ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარება.