Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია.
აღსანიშნავია, რომ Bloomberg Billionaires Index-ის შვიდწლიანი ისტორიის მანძილზე ბილ გეითსი პირველად მეორე ადგილზე ქვემოთ აღმოჩნდა.
კერძოდ, Microsoft Corp. co-ს თანადამფუძნებელმა ბილ გეითსმა ამ მუდმივად განახლებად რეიტინგში მესამე ადგილზე გადაინაცვლა, მისი ადგილი კი (მე-2 პოზიცია) ფრანგმა მილიარდერმა LVMH -ის ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ დაიკავა. რაც შეეხება პირველ ადგილს, სიას კვლავ ჯეფ ბეზოსი ლიდერობს.
Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ასევე დაწინაურდა ჩამონათვალში. კერძოდ, დღეის მდგომარეობით, რეიტინგში ის 349-ე ადგილზეა, მაშინ როცა 28 ივნისის მდგომარეობით, 350-ე პოზიციაზე იყო.
ინდექსის მიხედვით, ზემოთაღნიშნულ პერიოდში ბიძინა ივანიშვილის ქონებაც შეიცვალა. კერძოდ, თუ 28 ივნისის მდგომარეობით, მისი ქონება 5.32 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, დღეს, 5.35 მლრდ დოლარს შეადგენს.
5.35 მლრდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 4.33 მილიონი უნცია ოქრო და 100 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0297%-ს, შეერთებულ შტატებში „ტოპ“ 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 85%-ს, შეერთებული შტატების „ტოპ“ 100 კოლეჯის შემოწირულობის 1.35%-ს.
აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.
გამოცემას ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.
„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ - იუწყება გამოცემა.
ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია.