რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, 2019 წელს, 20%-ით მეტი ბიუჯეტი მივეცით და ისინი 6 თვის მონაცემებით 100%-ით მეტად ასრულებენ ამ დავალებას, - ამის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტის სამინისტრომ შეძლო და 200 მილიონი ლარით მეტი ინვესტიცია განახორციელა ინფრასტრუქტურაში.
„გასული წლის ზაფხულში, როდესაც მე წარმადგინეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას გავუსვით ხაზი. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ვგეგმავდით. პირველი ეს გახლავთ რეგიონალური მმართველობის სტრუქტურა, რომელშიც ჩვენ გვქონდა პრობლემები, ხარვეზები, რაც აისახებოდა განხორციელებული და გამოყოფილი ინვესტიციების ვერათვისებაში. ჩვენ შევცვალეთ ბევრი რამ, მათ შორის რეგიონალური მართვის სტრუქტურა. ბევრი პროცესები და პროცედურები და დღეს გვაქვს სრულიად განსაკუთრებული შედეგები. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 20%-ით მეტი ბიუჯეტი მივეცით და ისინი 6 თვის მონაცემებით 100%-ით მეტად ასრულებენ ამ დავალებას. ინფრასტრუქტის სამინისტრომ შეძლო და 200 მილიონი ლარით მეტი ინვესტიცია განახორციელა ჩვენს ინფრასტრუქტურაში. რეგიონალური განვითარება ეს არის სასიცოცხლო მიმართულება ჩვენთვის. აუცილებელია, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია ჩვენი რეგიონების განვითარებით“, - განაცხადა ბახტაძემ.