მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBCBANK GROUP-ის ხელმძღვანელი თანამდებობები დატოვეს.
ამის შესახებ გუშინ ღამით ხაზარაძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.
დღეს კი აღნიშნულთან დაკავშირებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ჯგუფის“ განცხადებაც გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადადგომის გადაწყვეტილება თავად ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მიიღეს. ამასთან, „თიბისი ჯგუფის“ განცხადებით, ისინი სრულ ნდობას უცხადებენ ხაზარაძე-ჯაფარიძეს და აღნიშნავენ, რომ როგორც კი მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებებს პასუხი გაეცემა, ისინი დაბრუნდებიან TBCBANK GROUP-ის საბჭოში.
ამასთან, განცხადების მიხედვით, მამუკა ხაზარაძეს TBCBANK GROUP-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე დროებით ნიკოლოზ ენუქიძე ჩაანაცვლებს. ენუქიძე 2013 წლიდან არის „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი.
„თიბისი ბანკამდე“ მუშაობდა ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში, იყო საქართველოს ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, ამასთან ეკავა Galt & Taggart Securities-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაც. ამასთან, ნიკლოზ ენუქიძე არის Nine Oaks Advisors-ის დამფუძნებელი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პროექტების ინვესტორი და ფინანსური მრჩეველი. 2011 წლიდან ის TMM Real Estate Development PLC-ის - უკრაინული უძრავი ქონების განვითარების კომპანიის - სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი დირექტორის და აუდიტის კომიტეტის წევრია. ამასთან, უკავია სააქციო საზოგადოება კავკასიის მინერალების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიც.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.