„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებს ტოვებენ.
როგორც მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამის განცხადებას მომავალ კვირას გააკეთებენ, რომ მათ მიმართ სპეკულაციები დასრულდეს.
„ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ანაკლია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, ქვეყნის ეკონომიკის შემოტრიალება და ერთხელ და საბოლოოდ ევროპასა და აზიას შორის კარიბჭედ დაფიქსირება, ასევე მსხვილი ინვესტორების გაჩენა, რომლებთანაც ჩვენ თითქმის დამთავრებული გვქონდა მოლაპარაკება და 2 დღის წინ კიდევ ამ ქაოსში ჩაგვაგდეს. ეს არის ყოვლად გაუგებარი რამ. ერთის მხრივ მთავრობა ამბობს, რომ ანაკლიას მხარს უჭერს და მეორე მხრივ პირდაპირ, ღიად ებრძვიან ამ პროექტს. ის ზარალი, რაც ქართულ ეკონომიკას მათ მიაყენეს 2 დღის განმავლობაში 2 მილიონი ლარის სანაცვლოდ არის დანაშაული და დადგება დრო, რომ ისინი ამის გამო პასუხს აგებენ. აქედან გამომდინარე, მე და ბადრიმ გადავწყვიტეთ, რომ მომავალ კვირას ჩვენ გვექნება პრესკონფერენცია, შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს და გადავიწევით უკანა პლანზე. მე ჩამოვშორდები თავმჯდომარეობას, ბადრი თავმჯდომარის მოადგილეობას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, თითქოს ჩვენ რაღაცას ვეფარებით. ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს და ვინმემ არ დაგვაბრალოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის გაჩერება. შეუძლებელია ასეთ პირობებში ელაპარაკო ბანკირს 650 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე და ყოველდღე პროკურატურა სახალხოდ გადებდეს ასეთ ბრალდებებს,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.