„მზად ვართ, გავემიჯნოთ პროექტებს, რომელშიც ვთამაშობდით წამყვან როლს, რათა დავიცვათ ისინი"

მზად ვართ, გავემიჯნოთ პროექტებს, რომელშიც ვთამაშობდით წამყვან როლს, რათა დავიცვათ ეს პროექტები, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.

ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ის და ხაზარაძე არ ეთანხმებიან პროკურატურის მიერ მოთხოვნილ გირაოს.

„ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ თავშეკავებულები ჩვენს განცხადებებში, ვსაუბრობთ იმ ზიანზე, რომელიც ქვეყანას ადგება ასეთი უპასუხისმგებლო ქმედებების გამო. ჩვენ არ ვეთანხმებით ამ გირაოსაც, რომელიც მოითხოვა პროკურატურამ, რადგან სრულიად შეუსაბამოდ და არაადეკვატურად მიგვაჩნია. საუბარია 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ფულის გათეთრებასთან, რადგან თეთრი ფულის სესხება არ შეიძლება ჩაითვალოს ფულის გათეთრებად. ჩვენ ყველაზე ძლიერი იარაღი, რაც გვაქვს, ეს არის სიმართლე და სრული გამჭვირვალობა, ამით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არ მოხდეს ფაქტებით ან რაიმე გზით ვითარების მანიპულირება. ჩვენთვის მთავარია, მთელ ამ პროცესში საზოგადოებრიობა სრულად იყოს ჩართული, ყველამ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ეს არ არის მხოლოდ ჩემი და მამუკას სახელის დაცვა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლის დაცვა, ამაში დარწმუნებულები ვართ და მზად ვართ, დავიცვათ ეს მომავალი“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ის და ხაზარაძე პროექტებს გაემიჯნებიან, რათა ისინი დაიცვან, თუმცა ქართული კომპანიების აქციების ვარდნა გრძელდება და ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ადამიანებზე, ვინც წარმატების სიმბოლოა ქვეყანაში, იერიში ხორციელდება.

„რაც შეეხება იმ პროექტებს, რომელშიც ვთამაშობდით წამყვან როლს, მზად ვართ, გავემიჯნოთ, რათა დავიცვათ ეს პროექტები. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ გუშინწინ განვაცხადეთ გადადგომის შესახებ, ჯერ კიდევ ვერ ჩერდება ქართული კომპანიების აქციების ვარდნა, რადგან ეს არ არის მხოლოდ მამუკასა და ბადრის, საუბარია იმაზე, რომ ის ადამიანები, ვინც წარმოადგენენ წარმატების სიმბოლოს, მათზე ხორციელდება იერიში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებს ტოვებენ
მამუკა ხაზარაძე „თიბისი  ჯგუფის“ თავმჯდომარის პოსტზე ნიკოლოზ ენუქიძემ ჩაანაცვლა
„თიბისის“ აქციები უფასურდება