კვერცხი და ქათამი შესაძლოა, 5%-ით გაძვირდეს.
ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ მეფრინველეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პროდუქტზე ფასი იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ ლარის კურსის რყევები გაგრძელდება და ნიშნული არ დასტაბილურდება.
„ლარის კურსის რყევები და ეროვნული ვალუტის გაუფასურება კატასტროფულად მოქმედებს მეფრინველეობის დარგზე. თვითონ ფრინველი ერთდღიანი სანაშენე წიწილით უცხოეთიდან შემოდის და იძულებული ვართ, აბსოლუტურად ყველა კომპონენტი - ეს იქნება ზეთი, მზესუმზირის შროტი, სოიოს შროტი, ვიყიდოთ უცხოური და ეს ყველაფერი უცხოურ ვალუტაზეა მიბმული. შესაბამისად, ლარი ჩვენი ბიზნესისთვის ერთ-ერთი ცუდად შემაფერხებელი ფაქტორია. ჩათვალეთ, რომ მეფრინველეობას ფაქტობრივად, მოგება საერთოდ არ აქვს. სწორედ ამიტომაც არის, რომ დარგის განვითარება წლებია ადგილს ტკეპნის და არ ხდება, იმიტომ რომ ბოლოში ინტერესი არ არის. ჩვენ თუ ახლა არ გავაძვირეთ პროდუქცია, ფაქტობრივად მოგება არა გვაქვს. ნებისმიერი წარმოების აზრი მითხარით თუ ის მოგებაზე არ მუშაობს. სულ ყველაფერი იმპორტირებულია, მარცვლეული უკვე გაძვირებულია, ჩვენ ჯერჯერობით არ გაგვიძვირებია და ყველაფერს ვაკეთებთ რომ არ გავაძვიროთ პროდუქცია, მაგრამ თუ ნიშნული არ დასტაბილურდა და 2.80 მაინც არ დაჯდა, გაძვირება გარდაუვალია და ქათამი და კვერცხი მინიმუმ 5%-ით მაინც გაძვირდება,“-განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.