210 525 ლარის შემოსავალი „რკინიგზაში“ - რა ქონებას ფლობს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორი

10 აგვისტოს შემდეგ, შესაძლოა, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელები, გაიფიცონ. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილის ილია ლეჟავას განცხადებით, გაფიცვაში შესაძლოა, რკინგზის 4 800-მა თანამშრომელმა მიიღოს მონაწილეობა.

ლეჟავას ინფორმაციით, თანამშრომლები წლებია ხელფასების მატებას მოითხოვენ, თუმცა, პირებს, რომელთა ხელფასიც 1000 ლარს არ აღემატება, მოთხოვნას „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაცია არ უკმაყოფილებს. პროფკავშირები, რკინიგზის გენერალური დირექტორის შემოსავალზეც ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ მისი ხელფასი 15 000 ლარია.

„საქართველოს რკინიგზაში“ კი აცხადებენ, რომ ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4 800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მათივე განცხადებით, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი 10%-ით მოემატება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, რომელიც ამ თანამდებობას 2017 წლის დეკემბრიდან იკავებს.

მის მიერ 2019 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს 150 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში; ასევე ამავე მისამართზე მდებარე 20 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხს. ასევე მის საკუთრებაშია ორი - 1000 კვადრატული მეტრისა და 1 262 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, ასევე ფერაძე ფლობს 4 მიწის ნაკვეთს მარნეულში.

ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, დავით ფერაძე Liberty Consumer (Galt & Taggart Capital)-ის; Teliani Valley-სა და United Georgian Bank-ის აქციების მფლობელია, რომელიც 2008 წელს აქვს შეძენილი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშებზე, ჯამში, 12 483.86 ლარი, 515.89 ევრო და 7 586.48 დოლარი ჰქონდა. როგორც დეკლარაციაშია მითითებული, ფერაძე შპს „ჯიარ ტრანზიტ ლაინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო, რომლის საქმიანობითაც, 46 096,5 და 45 902 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. ცნობისთვის, ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი „საქართველოს რკინიგზაა“.

დავით ფერაძის შემოსავალმა „საქართველოს რკინიგზის“ გენდირექტორის პოსტზე 2018 წელს 210 525,67, ხოლო შპს "მტკვარი ჰესის" პოზიციაზე მუშაობისას 16 200 ლარი შეადგინა.

დავით ფერაძე მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ფლობს, 900 და 300 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში, რომელიც 2018 წელს შესაბამისად, 58 500 და 19 500 დოლარად აქვს შეძენილი. მის საკუთრებაშია ასევე, მსუბუქი ავტომობილი Toyota RAV4, რომელიც გასულ წელს 9 000 დოლარად შეიძინა. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 2 137.68 ლარი; 1 848.02 დოლარი და 302.21 ევრო ჰქონდა. ფერაძის მეუღლე არის შპს „ზიპლაინ კაუკასუსის“ 40%-იანი წილის მფლობელიც, რომლის საქმიანობითაც წინა წლის განმავლობაში 47 648,6 ლარის შემოსავალი მიიღო.

თაია არდოტელი