წელს აჭარაში თხილის მოსავლის 80%-იან ზრდას ელოდებიან

წელს აჭარაში ფერმერები გაცილებით დიდი მოცულობის თხილის მოსავალს ელოდებიან, ვიდრე გასულ წელს.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე აცხადებს, 2018 წელს რეგიონში თხილის მოსავლის დიდი ნაწილი განადგურდა, ამის მიზეზი კი ფაროსანასა და სხვა მწერებისგან გამოწვეული დაავადებები იყო.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით სასოფლიო სამეურნეო კულტურების მავნებლებისგან დასაცავად ჩატარებული ღონისძიებებისა და მოსახლეობის ჩართულობის შედეგად, წელს უკვე აჭარაში დიდი მოცულობის თხილის მოსავალს ელოდებიან. კერძოდ, ტიტე აროშიძის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე თხილის მოსავალი დაახლოებით, 80%-ით მეტი იქნება, ვიდრე გასულ წელს.

ცნობისთვის, რეგიონში თხილის მასობრივი შეგროვების პროცესი 10 აგვისტოდან იწყება.

ნინი ქეთელაური