50 000 ლარის შემოსავალი ერთ დღეში - რა ქონებას ფლობს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე და მომღერალი

მომღერალი ზურაბ ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზე მიმდინარე წლის ივნისში დაინიშნა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე და მომღერალი ზურაბ ხაჩიძე.

2019 წლის 10 აგვიტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ზურაბ ხაჩიძის სახელზე ფიქსირდება 80 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2017 წელს „საქართველოს ბანკის“ კრედიტით 70 000 დოლარად შეიძინა. გარდა ამისა, ის ფლობს ტოიოტა "პრადოს".

დეკლარაციის შევსების მომენტში ხაჩიძეს საბანკო ანგარიშებზე 56 000 დოლარი და 160 ლარი ჰქონდა.

რაც შეეხება ზურაბ ხაჩიძის შემოსავლებს, დეკლარაციის მიხედვით, 2018 წელს მან როგორც ჯგუფი „ქუჩის ბიჭების" სოლისტმა და დამფუძნებელმა მხოლოდ ერთხელ, 8-9 აგვისტოს მიიღო 50 000 ლარი.

როგორც დეკლარაციაში აღნიშნული, მომღერალი მეუღლესთან, შვილთან და გერთან ერთად ცხოვრობს. დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ნატალია ჟორდანია თბილისში 95 კვ.მ და 100 კვ.მ ფართობის ბინებს ფლობს. ხოლო მისი გერი ნინო ქარსელაძე თბილისში 120 კვ.მ და 100 კვ.მ ფართობის ბინების ფლობელია. გარდა ამისა, ქარსელაძის მფლობელობაშია ბ.მ.ვ-ის მარკის ავტომობილი.

ლიკა ამირაშვილი