თბილისის მერია „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობისთვის ტენდერს აცხადებს.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წლევანდელი ბიუჯეტი სხვადასხვა პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა, უახლოეს მომავალში კი ეს „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა იქნება.
„ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან დაიწყება ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა, რომელიც ვფიქრობ, ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. დღეს ვაცხადებთ ტენდერს, რათა შევარჩიოთ, თუ ვინ იქნება პროექტის შემსრულებელი კომპანია. ეს იქნება 1-კილომეტრიანი კვანძი, რომელიც შედგება 7 სხვადასხვა სიგრძის ღერძისგან, რომელიც დააკავშირებს მარშალ გელოვანის გამზირს, მარჯვენა სანაპიროს და გაგარინის ქუჩას. ერთი გზა, რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებულია, არის ლისიდან ჩამოსასვლელი, რაც იქნება ამ დიდი პროექტის მეორე ნაწილი, ხოლო სამომავლოდ პროექტის მესამე ნაწილი არის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების ხიდით დაკავშირება. სავარაუდო პროექტით, სანაპიროებზე გადამსვლელი ხიდი დაუკავშირდება სამტრედიის ქუჩას“, - განაცხადა კალაძემ.
„ვეფხვი და მოყმის“ ხიდის აშენების ისტორია 2012 წლიდან იწყება. ეს პროექტი თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას ეკუთვნოდა. ე.წ. დაკიდულ ხიდს მარშალ გელოვანის გამზირი სამტრედიის ქუჩასთან უნდა დაეკავშირებინა. თუმცა 2013 წლის თებერვალში „ქართულმა ოცნებამ“ ხიდის მშენებლობაზე უარი განაცხადა.
როგორც მაშინ მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავდნენ, „შესაბამისი კვლევების ჩატარების საფუძველზე დადგინდა, რომ თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ე.წ. დაკიდული ხიდი (პროექტი საერთო ბიუჯეტით-80 მლნ ლარი) აღარ აიგება. საკითხის საფუძვლანი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის აგებით ტერიტორიაზე არსებული საცობების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან, ხიდის აგებას სამტრედიის ქუჩების მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან, - ამის შესახებ განცხადება ფონდმა 2013 წლის 18 თებერვალს გააკეთა.
ფონდის ამ გადაწყვეტილებას თბილისის მაშინდელი მერი გიგი უგულავა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისელებს უგულავას პოლიტიკური შეხედულებების გამო სჯიან.
თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ კი გაირკვა, რომ ე.წ. დაკიდული ხიდი აუცილებლად აშენდებოდა. 2017 წლის დასაწყისში ხიდის მშენებლობის აუცილებლობაზე განცხადება ჯერ თბილისის მერის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ლექვინაძე გააკეთა, შემდეგ კი ხიდის პროექტი „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო პროგრამაში მოხვდა.