თბილისის საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგების მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულები უკვე გამოვლენილია.
ამ ეტაპზე ორივე კომპანიასთან ხელშეკრულებების მომზადება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მდებარე ბაღების უზრუნველყოფის მიზნით, ორი ტენდერი გამოცხადდა.
მარცხენა სანაპიროზე მდებარე ბაღების საკვებით მომარაგების მიზნით გამოცხადებული ტენდერის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 43 265 221 ლარი იყო, ხოლო გამარჯვებული კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა - 43 265 221 ლარია. ტენდერში გამარჯვებულად შპს „ეკოლუქსი“ გამოცხადდა.
რაც შეეხება მარჯვენა სანაპიროს, აქ ტენდერი მეორედ გამოცხადდა, რომელშიც შპს „ქართული რძის პროდუქტებმა” გაიმარჯვა. კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა 19 მლნ ლარია.
რაც შეეხება კომპანიის მფლობელებს, „ქართული რძის პროდუქტების“ 55%-იან წილს - გიორგი ლიპარტელიანი, 25%-იანს - შოთა გოგიტიძე, ხოლო 10%-10%-ს ჯუმბერ გოგიტიძე და გელა ცხომელიძე ფლობენ. შპს „ეკოლუქის“ 50%-50%-იანი წილის მესაკუთრეები - ვეფხვია ჯაჭვაძე და დავით იაღანაშვილი არიან.