ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ლარსის სასაზღვრო პუნქტზე პრობლემა რუსულ მხარეს არის და ქართულ მხარეს მუშაობა აბსოლუტურად გამართულია.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს, ლარსის სასაზღვრო პუნქტზე არსებულ რიგებთან დაკავშირებით განუცხადა, მსგავსი შეფერხება ადრეც ყოფილა და იმედს გამოთქვამს, რომ საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.
„პრობლემა ამ ეტაპზე არის რუსულ მხარეს. თუ არ მეშლება, იქ რაღაც სისტემების დანერგვა მიმდინარეობს და შესაბამისად, საბაჟო შეფერხებით მუშაობს. ადრეც ყოფილა მსგავსი რამ. ჩვენი მხარე აბსოლუტურად გამართული და ეფექტურია. ჩვენ ველოდებით, რომ უმოკლეს ვადაში მოწესრიგდება საზღვრის იქითა მხარე და ტურისტები და სატვირთო მანქანები შეუფერხებლად გააგრძელებენ გადაადგილებას,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.