„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა“ და „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ ორგანიზებით, ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი ქართველ მეწარმეებს და საქართველოში მოქმედ ყაზახური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.ამის შესახებ ინფორამციას "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია" ავრცელებს.
„დღევანდელი ღონისძიების მიზანს ყაზახეთისა და საქართველოს ბიზნეს სექტორებს შორის კომუნიკაციების დამყარება და ამ გზით ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ყაზახეთის ელჩის მხრიდან გაკეთდა ძალიან საინტერესო პრეზენტაცია ყაზახეთსა ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კი მიმაჩნია, რომ კონკრეტული ბიზნეს პროექტების განხილვა იყო. მსჯელობის პროცესში პრიორიტეტულ მიმართულებებად ტურიზმი, ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა და მშენებლობის სფეროები გამოიკვეთა,“- განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ.
ღონისძიების ფარგლებში „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ“ და „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციამ“ ყაზახეთის საელჩოსთან გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილია ერთობლივი ბიზნეს ფორუმებისა და სხვადასხვა ბიზნეს აქტივობების ორგანიზება.
შეხვედრა "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.