ეს იქნება მე-8 ბიუჯეტი, როდესაც მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, დაბალი ეკონომიკური ზრდა ვერ იძლევა საკმარის შემოსავლებს სახელმწიფო ბიუჯეტში, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში მოხდეს გარდატეხა, იქნება ეს ფასების დასტაბილურება, უმუშევრობის დაძლევა, თუ ზოგადად ცხოვრების გაუმჯობესება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შეფასებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პრობლემა ძალიან კარგად ჩანს პენსიებთან მიმართებით.
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ პირველი იანვრიდან მხოლოდ 20 ლარით გაიზრდება პენსია და მერე თუ იქნება რაიმე ზრდა, შეეხება მხოლოდ 70 წელს ზევით ადამიანებს, მაშინ როცა არათუ მომავალი წლის, არამედ წლევანდელ ბიუჯეტშიც გაფლანგული ფულია, რომელიც შეიძლებოდა პენსიებს მოხმარებოდა, მაგრამ ისინი ვერ ელევიან საკუთარ სიხარბეს. დაახლოებით 700 მილიონიდან მილიარდამდე არის ბიუჯეტში ის ხარჯი, რომელიც იხარჯება „ქართული ოცნების" აქტივზე სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში, განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე,"- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მან ისაუბრა ასევე ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე და განაცხადა, რომ შესაბამისმა უწყებამ წელსაც ვერ აითვისა შეღავათიანი კრედიტი.
„ეს შემაფერხებელი გახდა ქვეყანაში დაახლოებით 120 მილიონი დოლარის შემოდინების. ინფრასტრუქტურის სამინისტრო თანხების ათვისების ზღვარზეა და მომავალ წელს გაიყინება ინფრასტრუქტურული ხარჯი მაშინ, როცა ქვეყანას სჭირდება აღმშენებლობა და მნიშვნელოვანია არა მარტო საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომ ეკონომიკურ ზრდას შეეწყოს ხელი,"- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.