ჩვენთვის 2020 წელსაც ძალიან მნიშვნელოვანია, პრიორიტეტული იყოს ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ფერმერებისა და კერძო ინიციატივების მხარდაჭერა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომლის თემაც 2020 წლის ბიუჯეტი იყო.
მან ისაუბრა იმ ძირითადი პრიორიტეტების, პრინციპების შესახებ, რაც 2020 წლის ბიუჯეტით სამინისტროს ექნება.
„2020 წლის ბიუჯეტი განსაზღვრულია 317 მილიონი ლარით, რაც საბიუჯეტო სახსრების 3%-ით ზრდას გულისხმობს 2019 წელთან შედარებით. ჩვენთვის 2020 წელსაც ძალიან მნიშვნელოვანია, პრიორიტეტული იყოს ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ფერმერებისა და კერძო ინიციატივების მხარდაჭერა, რადგან ჩვენი განვითარების პოლიტიკა სოფლად კერძო ინიციატივების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობს. 36%-ითაა გაზრდილი სოფლის განვითარების პროგრამების დაფინანსება 2019 წელთან შედარებით, რაც გულისხმობს ძირითადად იმ დანაპირების შესრულებას, რომელიც გვქონდა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, იაფი ფინანსების ხელმისაწვდომობის ფარგლებში, ფერმერებისთვის და სოფლად ეკონომიკური სუბიექტებისთვის. შევინარჩუნეთ მნიშვნელოვანი საგრანტო თანადაფინანსების პროგრამები, რომლებიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და ვფიქრობ, რომ დიდი შედეგის მომტანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრმა დაასახელა რამდენიმე პროგრამა, რომელთა შენარჩუნება და გაგრძელება იგეგმება.
„გაგრძელდება პროგრამა „დანერგე მომავალი“, მრავალწლიანი კულტურების მხარდაჭერის პროგრამა, მათ შორის სხვადასხვა ქვეპროგრამა, რომელიც უკავშირდება კენკროვანი და ისეთი პრიორიტეტული კულტურების განვითარებას, რომელსაც როგორც შიდა ბაზარზე, ასევე საექსპორტო პოტენციალი აქვს. ვინარჩუნებთ შემნახველი მეურნეობების, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამებს, რათა გვქონდეს დასაქმების საშუალებები სოფლად, გაიზარდოს დასაქმების პერსპექტივები და შემოსავლები ჩვენი მოქალაქეებისთვის. აგროდაზღვევის მიმართულებით გაზრდილი გვაქვს ბიუჯეტი, რათა მოვახდინოთ რისკების პრევენცია სოფლის მეურნეობაში. გვაქვს მესაქონლეობის დარგის მხარდაჭერის პროგრამები და ვაგრძელებთ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც უმნიშვნელოვანესია სწორი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოებისთვის. სამელიორაციო ინფრასტრუქტურაში ჩვენ 2020 წელს დავხარჯავთ 36 მილიონ ლარს, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი საირიგაციო ინფრასტრუქტურის აღდგენის და რეაბილიტაციისთვის“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ სამინისტროს პოლიტიკა ყოველთვის იყო ფერმერებზე ზრუნვა.