პარლამენტი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს. ბიუჯეტის პროექტის პირველი საკომიტეტო განხილვა 4 ოქტომბერს გაიმართება. ფრაქციებისა და კომიტეტების ფორმატში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა 11 ოქტომბერამდე გაგრძელდება. 18 ოქტომბერს პროექტი საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე გავა. საკანონმდებლო ორგანოში განხილვების დასრულების შემდეგ, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რეკომენდაციებითა და შენიშვნებით საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.
გამოთქმული წინადადებისა და შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი საქართველოს პარლამენტს ხელმეორედ 5 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც ბიუჯეტის პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა მოხდება.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი საქართველოს პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.