დღეს ქუჩაში არალეგალურად გამოჩნდება 24 000 ტაქსი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. გოცირიძემ ტაქსების რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია მავნებლურ ექსპერიმენტს ატარებს. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ტაქსების რეფორმის გაუქმებას ითხოვს და შესაბამისი დადგენილების პროექტით საკრებულოსაც მიმართავს.
„დღეიდან 24 000 ტაქსის მძღოლი, გამოსული ქუჩაში დაჯარიმდება იმ ახირების და კორუფციული ინიციატივის გამო, რომელიც მერიიდან მოდიოდა და რომელსაც მანქანების გადაღებვა ერქვა. თეთრი ფერით მანქანების გადაღებვით აბსოლუტურად არაფერი იცვლებოდა ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობისა და მგზავრთა უსაფრთხოების კუთხით. ამ ქვეყანაში მთავარი ამოცანა არის ადამიანების გადარჩენა, სიღატაკის დაძლევა და არა რაღაც ესთეტიკაზე ზრუნვა, რომელიც სინამდვილეში არის კორუფციის წყარო. ორ წელიწადში ის სარეკლამო კომპანია, რომელიც თითქოს საკუთარი ინიციატივით ღებავს მანქანებს თეთრად 700 თუ 800 ლარად, თითო მანქანაზე 5 000 ლარს ნახავს მოგებას. დღეს გადაღებილია მანქანების მხოლოდ 10%. 30 000 რეგისტრირებული მანქანიდან, დღეს ფაქტობრივად 26 000 არის ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი. გარდა ამისა, მერიამ ან დატოვა ხვრელი, ან კორუფციული მიზნით გააკეთა ესეც, რომ მანქანები, თუკი დარეგისტრირდებიან ტაქსების ოპერატორთან, მაშინ მათ არ აქვთ ვალდებულება, რომ შეუცვალონ ფერი. იძულებული გახდნენ მძღოლები, რომ დარეგისტრირებულიყვნენ ოპერატორებთან და ყოველ დღე მათ უნდა უხადონ ხარკი. დღეიდან, ტაქსის ნიშანი არა თეთრ მანქანაზე, ნიშნავს დანაშაულს ფაქტობრივად და პატრულის მიერ ეს მძღოლები დაჯარიმდებიან. დღეს ქუჩაში არალეგალურად გამოჩნდება 24 000 ტაქსი. ეს არის დანაშაული და კორუფციის ხელშემწყობი გადაწყვეტილება“, - განაცხადა გოცირიძემ.