საქართველოს ეროვნული ბანკი დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 1-ელ ოქტომბერს ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც ეროვნული ბანკის ისტორიულ შენობაში - საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ფინანსური სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„საქართველოს ეროვნული ბანკი 100 წლისაა! ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა, ვიყო საუკუნოვანი ისტორიის მქონე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. სებ-ის საქმიანობა, არაერთი საერთაშორისო, პრესტიჟული ორგანიზაციის მიერ დადებითადაა შეფასებული. ეს შეფასებები ეფუძნება კვლევებს, ინტერვიუებს, შემოწმებებს, გამოკითხვებს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებშიც. საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული საბანკო ზედამხედველობის შედეგია ისიც, რომ საქართველოდან ორი მსხვილი ბანკის აქციები საერთაშორისო ბაზარზეა განთავსებული და საერთაშორისო ინვესტორების მაღალი ნდობით სარგებლობს. მინდა, მივულოცო ეს დღე ჩვენს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ეროვნული ბანკის თანამშრომლებს - მადლობა ერთგულებისა და ეროვნული ბანკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის," - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა საზოგადოებას 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა წარუდგინა, რომელიც საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად შეიქმნა. მონეტა ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა, მისი სარეალიზაციო ფასი 75 ლარია და შეძენა უკვე დღეიდანაა შესაძლებელი.