„გადაღებე კალაძე“ - ამ სლოგანით დედაქალაქის მერიასთან, სამოქალაქო მოძრაობის „შეცვალე" წევრებმა, ტაქსების რეგულაცია გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, ტაქსების თეთრ ფერად გადაღება სავალდებულო გახდა.
აქტივისტებს ხელში თეთრი საღებავი, ფუნჯები და ფოტოსურათები უჭირავთ, სადაც გამოსახულია ცნობილი ფრანგული ფილმი "ტაქსის" მთავარი გმირი დედაქალაქის მერთან ერთად. ამასთან, ფოტოებზე სიტყვა "ტაქსის" ნაცვლად, დედაქალაქის მერის სახელის შესატყვისად "კაქსი" აწერია.
აქტივისტებმა თბილისის მერიის კანცელარიაში საღებავები, ფუნჯი და ის ფოტოსურათი ჩააბარეს, სადაც ფილმ „ტაქსის" გმირი და კახა კალაძე იყვნენ გამოსახული.
„ბატონ კახას პირადად გადაეცით, თავის ენაზე, რომ „გაკრასკოს მებელი", - მიმართეს კანცელარიაში მისულმა აქტივისტებმა მერიის თანამშრომელს.
აქტივისტები აღნიშნავენ, რომ რეგულაციები ზიანს აყენებს როგორც მოქალაქეებს, ისე ტაქსის მძღოლებს.
„30 000 ტაქსიდან, მხოლოდ 10%-მა მოახერხა და შეცვალა ტაქსის ფერი. ჩვენ გვინდა, რომ ეს რეგულაციები გაუქმდეს და მიეცეთ მათ მეტი თავისუფლება და "ორი კაპიკი" შეიტანონ სახლში თავისუფლად. არ გვინდა, რომ დამატებითი რეგულაციები დაუწესდეთ ადამიანებს, რომელთათვისაც ერთადერთი შემოსავლის წყარო გახდა 24 საათი საჭის ტრიალი“, - განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა შეცვალეს" წევრმა, ნიკა ფარულავამ "ინტერპრესნიუსთან".