2020 წლის ბიუჯეტი არის არსებითად იგივენაირი, როგორც გასული წლების ბიუჯეტები და პირდაპირ მორგებულია იმ საარჩევნო მიზნებს, რომელიც „ქართულ ოცნებას" გააჩნია. ის ასეულობით მილიონი ლარით აფინანსებს ბიუჯეტიდან საკუთარ პარტიულ აქტივს სხვადასხვა ა(ა)იპ-ებში თუ სსიპ-ებში თუ შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი პირების სახით, - ასე შეაფასა ფრაქცია „ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის განხილვასაც საკანონმდებლო ორგანო დღეს იწყებს.
აბესაძის თქმით, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გრძელდება სახელმწიფო ვალის ზრდა.
„ამ მიმართულებით, სამწუხაროდ არანაირი ცვლილება არ გვაქვს. გრძელდება სახელმწიფო ვალის ზრდის შემაშფოთებლად მაღალი ტემპი. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ იმის პარალელურად, რომ მილიარდობით ლარი ბიუჯეტიდან იხარჯება ფუჭად და არ გვარდება ის პრობლემები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, მათ ეზრდებათ ვალი, რომელიც შემდგომ უნდა გადაიხადონ კვლავ ბიუჯეტიდან. ეს კი მომავალში კიდევ უფრო შეაფერხებს სიღარიბის დაძლევის ტემპს და უფრო მეტიც, გაზრდის იმ პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაში გვაქვს,"- განაცხადა აბესაძემ.