10%-ით ნაკლები შემოსავალი ტურიზმის სფეროში, ასეთია 20 ივლისის შემდგომ განვითარებული მოვლენების გავლენა ქართულ ტურისტულ ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტორთა ნაკადი გაიზარდა, შემოსავალმა მაინც იკლო. სპეციალისტები ამბობენ, რომ ნეგატიური ტენდენცია სექტემბერში შედარებით გამოსწორებულია.
2018 წელს საქართველოში ტურისტების ჯამური რაოდენობა თითქმის 5 მილიონს შეადგენდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი - დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს. ყოველწლიური მზარდი სტატისტიკის გათვალისწინებით, ტურიზმის სექტორი მიმდინარე, 2019 წელსაც ნაკადის ზრდას ელოდა, თუმცა სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოში 20 ივნისს დატრიალებულმა მოვლენებმა, რომელიც „პარლამენტის შტურმით აღების ღამით“ არის ცნობილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, რეკორდული რაოდენობის ვიზიტორების მიღების მიუხედავად, აგვისტოში საქართველოს ტურისტული სექტორის შემოსავალი 10%-ით (46.8 მლნ დოლარით) დაეცა და მან 396.1 მილიონი დოლარი შეადგინა.
სავარაუდოდ, აღნიშნული კლება რუსეთის მხრიდან დაწესებულ საავიაციო ემბარგოს უკავშირდება, რის გამოც 2019 წლის 8 ივლისიდან მოყოლებული ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები შეჩერებულია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აგვისტოში საქართველოში 1 255 000 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 5.8%-ით მეტი იყო.
სებ-ის განმარტებით, საშუალოდ, საავიაციო გზით შემოსული ვიზიტორები ხარჯავენ უფრო მეტ თანხას, ვიდრე ისინი, ვინც სახმელეთო გზით შემოდიან.
სებ-ის მონაცემებით, კლებით დასრულდა ივლისის თვეც, რომლის განმავლობაშიც ტურისტულმა სექტორმა 374.7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 57 მილიონით ნაკლები იყო.
პროფესორი ნიკა კვარაცხელია ,,რეზონანსთან” ამბობს, რომ ამჟამად კულტურული ტურიზმის პერიოდია, თუმცა ეს ვერ ქმნის ამინდს და ვერ აბათილებს იმ დანაკლისს, რომელსაც რუსული საჰაერო ემბარგოს გამო, საქართველო დღემდე განიცდის.
,,კულტურული ტურიზმი შემოდგომის ტურიზმად ითვლება ჩვენი მსგავსი გეორაფიული ზოლის ქვეყნებისათვის (ნორმალური ტემპერატურა, მზიანი ამინდი და ა.შ.). ამიტომ უცხოური კომპანიები, რომლებიც მუშაობენ კულტურულ ტურებზე, გვიან გაზაფხულზე და ადრე შემოდგომაზე გეგმავენ ტურებს. ამ მხრივ არ არის ცვლილებები არც დადებითი და არც უარყოფითი. ამიტომ საერთო მაჩვენებელში ეს არ შექმნის ამინდს. ავიამიმოსვლა კი, რომლიც დღემდე არ ხორციელდება, უმნიშვნელოვანესი დანაკლისია, რისი კომპენსირებაც ვერაფრით მოხერხდა.
ჩვენ მცირე მასშტაბის ქვეყანა ვართ და შესაბამისად, პირდაპირ რეისებზე დამოკიდებულნი. ამიტომ იჩინა ასე მწვავედ თავი რუსეთიდან დანაკლისმა. რა თქმა უნდა მიდის მუშაობა ახალ ბაზრებზე დასამკვიდრებლად, მაგრამ ეს რთული და ძნელია, მით უფრო, იმ ფონზე, როცა არავითარი განსაკუთრებული მარკეტინგული ხერხები არ ყოფილა გამოყენებული დეფიციტის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა კვარაცხელიამ.
ტურისტული ნაკადი რომ წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, ადასტურებს ტურიზმის სფეროს კიდევ ერთი სპეციალისტი, მანანა ალადაშვილი, თუმცა მისი ინფორმაციით, სრულად ჩავარდნილ ივლისთან შედარებით, სექტემბერში მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებულია.
,,ივლისის თვე შეიძლება ითქვას, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველგან ჩავარდა. ეს მხოლოდ რუსული ემბარგოს "დამსახურება" ვერ იქნებოდა, ქვეყანაში არსებულმა დაძაბულობამ, აშკარაა სხვა ვიზიტორებიც დააფრთხო. ეს ტენდენცია, აგვისტოდანვე შეიცვალა და სექტემბერში მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებულია, თუმცა არა იმდენად, რამდენადაც ამას წლის დასაწყისიდან ველოდით. ვითარება ჯერ კიდევ რთულია”, - აღნიშნა "რეზონანსთან" ალადაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაღალი არ არის, ქვეყნის მშპ-ში მისი წილი 15%-ს აღემატება და სწორედ ამიტომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამ სფეროში ყველა ცვლილება.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი "რეზონანსი"