გასულ წელს ევროკავშირის ფონდებიდან 4 მილიარდზე მეტი ევრო არამიზნობრივად დაიხარჯა, - ამის შესახებ „როიტერსის“ ბრიუსელის რედაქცია წერს.
მათი ინფორმაციით, შესაბამისი დასკვნა ევროკავშირის აუდიტორებმა დღეს გაასაჯაროვეს. აღნიშნული დასკვნა ხაზს უსვამს, რომ წევრი სახელმწიფოების მიერ მიღებული თანხების ინვესტირება სათანადოდ არ მოწმდება.
როგორც „როიტერსი“ წერს, აღნიშნული შეფასება სავარაუდოდ, ბლოკის მომდევნო 7-წლიანი ბიუჯეტის შესახებ დებატებს გაამწვავებს, რომლის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყანა გერმანიაა.
ევროპის აუდიტორთა სასამართლომ (ECA), რომელიც ყოველწლიურ 144 მილიარდი ევროს ოდენობის ბიუჯეტის შეფასებაზეა პასუხისმგებელი, გამოავლინა, რომ გასულ წელს საშუალოდ, ევროკავშირის ხარჯების 2.6% არარეგულირებული იყო, რაც წინა წელთან შედარებით 2.4%-ით მეტს შეადგენს.
სასამართლოს პრეზიდენტის განცხადებით, გამოვლენილი შეუსაბამობები შეშფოთების მიზეზი არ არის, რადგან ისინი ბიუჯეტის მცირე რაოდენობას წარმოადგენენ და ძირითადად, გადახდის კომპლექსურმა წესებმა გამოიწვია.
ამასთან, მან ისაუბრა გარკვეულ სექტორებზე, სადაც ყველაზე მეტი შეუსაბამობა აღმოაჩინეს. ესენია კვლევისთვის გადახდილი ანაზღაურება, განვითარების პროექტები ბლოკის შედარებით ღარიბ რეგიონებში და ევროკავშირის გარეთ არსებული განვითარებადი ეკონომიკებისთვის გაწეული დახმარება.