ა(ა)იპ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდმა CIMA-სთან პარტნიორობით ჩაატარა სტუდენტური ოლიმპიადა "ფინანსურ ანგარიშგებაში, დაბეგვრაში და მმართველობით აღრიცხვაში 2019", რომლის გამარჯვებულიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის მეორეკურსელი მიხეილ იაკობიძეა. გამარჯვებულს გადაეცა ფულადი ჯილოდი 1 000 ლარის ოდენობით. ის ამავდროულად გაივლის სტაჟირებას საერთაშორისო კომპანია PwC-ში სამომავლო დასაქმების პერსპექტივით.
როგორც გამარჯვებული მიხეილ იაკობიძე აღნიშნავს, პროექტის მიზანი არის აღნიშნულ სფეროში სტუდენტების ხელშეწყობა, მოტივაციის გაძლიერება, რაც სტიმულია მათთვის, რომ არ დასჯერდნენ არსებულ მიღწევებს და მუდამ სიახლეების ძიებაში იყვნენ.
„ჩვენთვის მსგავსი ოლიმპიადები ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, დამსაქმებლისათვის ერთგვარი ხელშეწყობაა გაეცნოს თავიანთ საქმიანობაში მიმდინარე და სამომავლო გამოწვევებს. რაც მთავარია, მსგავსი პროექტები საუკეთესო ადგილია კვალიფიციური კადრის აღმოსაჩენად. პროექტის პარტნიორები გახლდათ საკმაოდ ცნობილი საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც წარმატებით ოპერირებენ ქართულ ბიზნეს სივრცეში და მათი ამგვარი ჩართულობა კიდევ უფრო ზრდის პროექტის მნიშვნელობას. მთავარი ჯილდო გახლდათ ფულადი პრიზი, რომელიც, რა თქმა უნდა სასიხარულოა, და კონკურსში ჩართვის დამატებით მოტივაციას წარმოადგენს. თუმცა მთავარი ბენეფიტი ამ სახის კონკურსების გახლავთ ის, რომ თითოეულ მონაწილეს სძენს მოტივაციას აკეთოს კიდევ უფრო მეტი, იყოს მუდმივად განვითარების ეტაპზე და არასოდეს დაკმაყოფილდეს მიღწეული შედეგით,“ - აღნიშნავს მიხეილ იაკობიძე.
იაკობიძე ბიზნესისისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის მეორეკურსელია. როგორც თვითონ აღნიშნავს, უნივერსიტეტის მხრიდან სტუდენტებს აქვთ უწყვეტი მხარდაჭერა, მუდმივად მიეწოდებათ ინფორმაცია ნებისმიერი, საერთაშორისო თუ ადგილობრივი კონკურსების შესახებ.
როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე განმარტავს, უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული თითოეული სტდუდენტის განვითარების პროცესში.
„ჩვენთვის სტუდენტების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე განათლება სტუდენტისთვის მხოლოდ საჭირო თეორიული ცოდნის მიწოდებას არ ნიშნავს. აუცილებელია პრაქტიკული გამოცდილება და კონტაქტების მოძიება, საჭირო ადამიანებთან დაკავშირება. სტუდენტი მხოლოდ საუნივერსიტეტო აქტოვობებში არ უნდა იყოს ჩართული. აუცილებელია, მიაწოდო სტუდენტს კვალიფიცირი განათლება. მეორე მხრივ კი, ასევე აუცილებელია, მას ამ ცოდნის სწორად გამოყენებაში დაეხმარო. ჩვენ სტუდენტებს მაქსიმალურად ვაწოდებთ ინფორმაციას მათთვის საინტერესო ყველა კონკურსის, ოლიმპიადის, გაცვლითი პროგრამის თუ სხვა აქტივობის შესახებ. მოხარულები ვართ, რომ ხშირად სწორედ ჩვენი სტუდენტები ხდებიან გამარჯვებულები,“ - განაცხადა ნინო ენუქიძემ.
აღნიშნულ ოლიმპიადაში, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა, მონაწილეობდა 14 უნივესიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის, როგორც ბაკალავრის, ისე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი. საერთო ჯამში 150-მდე სტუდენტმა გააკეთა განაცხადი მონაწილეობაზე, 30-მა მათგანმა კი ჩააბარა ტესტი გამოცდის სახით. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრის მაია მელიქიძის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შესაძლებლობა ეძლევათ სტუდენტებს და ის მხოლოდ კურსდამთავრებულებისთვის არაა განკუთვნილი.
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის არსებითი დატვირთვა გახლავთ ის, რომ ხელი შეუწყოს ფინანსური თვალსაზრისით განათლების ამაღლებას. ამ შემთხვევაში საუბარია ძლიერი ფინანსიტებისა და აუდიტორების გაზრდაზე. აღნიშნული ოლიმპიადა კი ძალიან კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან მასში სტუდენტები ჩაერთვნენ. აქამდე უმეტესად კურსდამთავრებულებისთვის ხდებოდა მსგავსი ტესტებისა და გამოცდების ჩაბარება. ახლა კი ეს უკვე სტუდენტებისთვის არის შესაძლებელი,“ - განმარტავს მაია მელიქიძე.
ოლიმპიადაზე დასაკვირვებლად სპეციალურად CIMA ევრაზიის დირექტორი ვადიმ ბოჟენიკი იყო ჩამოსული. ფონდს განზრახული აქვს, რომ აღნიშნული კონკურსი ყოველწლიური გახადოს და უფრო მეტ ახალგაზრდას მისცეს საშუალება, უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული ცოდნის საფუძველზე საკუთარი ადგილი ქართული ბიზნესის მოწინავე კომპანიებში ღირსეულად დაიმკვიდრნონ, რაც მოტივატორი უნდა გახდეს სხვა უმაღლესი სასწავლებლებისათვისაც, რომ ფინანსური ანგარიშგების, დაბეგვრისა და მმართველობითი აღრიცხვის სწავლების თანამედროვე მეთოდებზე გადავიდნენ.