კახა კალაძე ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის ემზადება. ამის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება რეგულაციები, გაძვირდება ტაქსი და უფრო აუტანელი გახდება თვითდასაქმებულთა შრომის პირობები. ფერზე შეზღუდვის შემდეგ, ავტომობილებისათვის ასაკობრივი შეზღუდვაც დაწესდება.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის პირველი და მეორე ეტაპი წარმატებით შედგა და იგეგმება მესამე ეტაპიც. იგი მორგებული იქნება უკეთეს ხარისხზე და ტაქსების ბაზარზე სტაბილურ, ეკონომიკურ პირობებზე.
„დღეს არსებობს ტაქსის ორი კატეგორია. დღეის მდგომარეობით, "ა" კატეგორიაში, დაახლოებით, 7700 ლიცენზიაა გაცემული, ხოლო "ბ"-ში - 8800. ეს არის რეფორმის მხოლოდ ორი ეტაპი, რომელთაგან მეორე მხოლოდ ახლა დავიწყეთ. ამას აუცილებლად მოჰყვება მესამე ეტაპი, რომელიც მორგებული იქნება უკეთეს ხარისხზე და ტაქსების ბაზარზე სტაბილურ, ეკონომიკურ პირობებზე. რა მოთხოვნები იქნება მესამე ეტაპზე, ამის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით საზოგადოებას, რომ მათ ჰქონდეთ დრო და შესაძლებლობა რეფორმისთვის მოემზადონ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დათო მესხიშვილი, ვარაუდობს, რომ მესამე ტალღაში ავტომობილის ასაკის განსაზღვრა მოხდება და ასევე დამატებითი მოთხოვნებს წაუყენებენ მძღოლებსაც, რაც კიდევ უფრო გააძვირებს სატაქსო მომსახურებას და უფრო აუტანელს გახდის შრომის პირობებს თვითდასაქმებულთათვის.
,,რატომღაც ამ რეგულაციების ნაკრებს, დედაქლაქის მთავრობა რეფორმას ეძახის. რეფორმა არის მაშინ, როცა წინასწარი კვლევა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და ანალიზი უდევს საფუძვლად. არც ერთი ამ შემთხვევაში არ მომხდარა.
რაც უნდა იძახონ თბილისის მერიაში, რომ ფასი არ გაზრდილა, ჩვენ ვხედავთ, რომ სატაქსო მომსახურების ღირებულება გაორმაგდა. ამას ყველა მგზავრი საკუთარ ჯიბეზე გრძნობს.
მესამე ეტაპი მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა იქნება და გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა იქედან, რაც აქამდე იყო. მერია არ გვაძლევს ინფორმაციას, ამიტომაც რჩება მეტი სივრცე დაშვებებისათვის, რომელიც პირველი ორი ეტაპის ანალიზით გამომდინარეობს.
წინა მერის, დავით ნარმანიას დროს შემუშავებული რეფორმის 2 ეტაპი რაც იყო, ის დაემთხვა თითქმის უცვლელად კალაძის დროს. იქ იყო მესამე და მეოთხე ეტაპიც გაწერილი. მესამე ეტაპზე შეიძლებოდა მომხდარიყო, ასაკის შეზღუდვა ავტომობილებზე და შესაძლოა ტაქსისათვის დაშვებულიყო 0-5 წლამდე. სწორედ ეს შეიძლება იყოს დამატებითი მოთხოვნა მძოლების მიმართ და პლუს ამას მრიცხველი. ფაქტია, რაც მეტად მოიმატებს რეგულაციები, მით უფრო გაუსაძლისი გახდება ეს სფერო თვითდასაქმებულთათვის და ასევე მგზავრებისათვისაც”, - ამბობს "რეზონანსთან" მესხიშვილი.
საავტომობილო სფეროს სპეციალისტი ასევე მერიის წამომადგენელთა იმ განცხადებებსაც ეხმაურება, რომლის მიხედვით თითქოსდა დედაქალაქში მგზავრობის საფასური არ გაზრდილა.
,,ვერაფრით ჩამოყალიბდნენ მერიაში რა თქვან. მერმა ჯერ ძალიან იაფია, უნდა გაძვირდესო, მერე არ გაძვირებულაო და ახლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისაკენ მოგვიწოდებს, რომელიც აბსოლუტურად არასაკმარისია. რეალურად მოუწესრიგებელი და იაფი ტაქსი, ეხიდებოდა კიდეც საზოგდოებრივ ტრანსპორტს. მე, მოვუწოდებ ყველას, 2 კვირა მაინც იარონ მუდმივად საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ტაქსებით, ჩვეულებრივი მოქალაქეებივით. თორემ ისინი, ბენზინის გაძვირებასაც ვერ გრძნობენ, რადგან ბიუჯეტის ხარჯზე დადიან”, - აცხადებს მესხიშვილი ,,რეზონანსთან”.
მოსამზადებელი სამუშაოების პირველ ეტაპზე, რეფორმაში ჩართული იყო ფონდ "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი ირაკლი იზორიაც. მიუხედავად ამისა, მას უჭირს ვარაუდი თუ რა შეიძლება იყოს ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ცვლილებები.
,,წარმოდგენა არ მაქვს, რა შეიძლება იყოს ახალ ეტაპში ან ცვლილება ან რეგულაცია. 2016 წლიდან ჩერთული ვიყავით მოსამზადებელ სამუშაოებში, თუმცა არ ვიცი, რამდენად გაითვალისწინებს ახალი მთავრობა, მაშინ შექმნილ პაკეტს სრულად”, - განაცხადა იზორიამ.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი "რეზონანსი"