2019 წლის „შიმშილობის მსოფლიო ინდექსის“ თანახმად, 117 ქვეყანას შორის საქართველო 39-ე ადგილს იკავებს. ანგარიში Concern Worldwide-მა და Welthungerhlife-მა მოამზადეს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „შიმშილობის მსოფლიო ინდექსის“ 2019 წლის კვლევამ აჩვენა, რომ 2000 წლიდან გლობალური მასშტაბით შიმშილობის დონე მცირდება, თუმცა მეტი აქტივობის განხორციელებაა საჭირო.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შიმშილობის თვალსაზრისით ყველაზე საგანგაშო ვითარებაა. ასევე, 5 ქვეყანაში - სირიის არაბულ რესპუბლიკაში, ჩადში, იემენში, მადაგასკარსა და ზამბიაში შიმშილობის თვალსაზრისით სხვა ქვეყნებთან შედარებით საგანგაშო მდგომარეობაა.
შიმშილობის თვალსაზრისით სერიოზული და საყურადღებო ვითარებაა კიდევ 42 ქვეყანაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოზე უკეთესი პოზიცია მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს უჭირავს.