7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების ზრდა არ მოხდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, შესაბამისი დავალება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისცა, რომელსაც აღნიშნულთან დაკავშირებით ბიზნესთან კონსულტაციები დაევალა.
„პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა გაცემული დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს ბიზნესთან კონსულტაციები, რათა 7 უმთავრეს პროდუქტზე იქნეს შენარჩუნებული ფასები და ფასების მერყეობა მოქალაქეებზე არ იყო ასახული. შესაბამისად, სოფლის მეურნეობა ბიზნესთან კონსულტაციით დაიწყებს მუშაობას ისეთ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მაქსიმალურად ნაკლებად ცვალებადი ფაქსები იყოს ამ პროდუქტებზე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ის სასურსათო პროდუქტები დაასახელა, რომლებზეც ფასი არ გაიზრდება.
მინისტრის თქმით, ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხობრალი, ფქვილი, რძის ფხვნილი და რძის ფხვნილისგან წარმოებული პროდუქტები.
„ჩვენ გვექნება განსაკუთრებული მექანიზმი, რომ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე იმპორტიორებისთვის დავაზღვიოთ ეკონომიკური და სავალუტო რისკები", -აღნიშნა მინისტრმა.