იუსტიციის სახლი, თვითიზოლაციის სავალდებულო პირობების დამრღვევი მოქალაქეებისთვის, რომლებიც იუსტიციის სახლის ფილიალებს მიმართვენ, გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს.
კერძოდ, იმ პირებს, რომლებიც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, დაექვემდებარნენ სავალდებულო თვითიზოლაციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვითნებურად არღვევენ მათთვის დადგენილ რეჟიმს, იუსტიციის სახლი არ მოემსახურება.
გარდა იმისა, რომ ისინი ვერ შეძლებენ მომსახურების მიღებას, ამასთან იუსტიციის სახლი რეაგირებისთვის დაუყოვნებლივ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, რის შემდეგაც მოხდება დამრღვევი პირის საკარანტინო ზონაში იძულებითი მოთავსება.
იუსტიციის სახლი მოუწოდებს უცხო ქვეყნიდან ახლად დაბრუნებულ და თვითიზოლაციის რეჟიმზე მყოფ სხვა მოქალაქეებს, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა, მართლშეგნება, შეასრულონ ჯანდაცვისა და სამართალდამცავი უწყებების რეკომენდაციები და მათზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები, დარჩნენ თვითიზოლაციის პირობებში და ნუ მიმართვენ იუსტიციის სახლებს, რათა საფრთხე არ შეუქმნან თანამოქალაქეებს.
“ასეთ მოქალაქეებს ვთავაზობთ, რომ დაუკავშირდნენ დისტანციურად მომუშავე ჩვენს თანამშრომლებს კონსულტაციისთვის და ისინი შეეცდებიან იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს სერვისის მიწოდების გადაუდებელი აუცილებლობა, დაეხმარონ მოქალაქეებს საკუთარი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებაში. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში თვითიზოლაციის დამრღვევი პირების ვიზიტის არაერთი ფაქტი გამოვლინდა, როს გამოც დროებით მუშაობა შეაჩერა გლდანის საზოგადოებრივმა ცენტრმა, ასევე 17 და 18 მარტს მომხმარებელს არ ემსახურებოდა თელავის იუსტიციის სახლი,“-ნათქვამია განცხადებაში.