"რაც შეეხება მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, "საბიუჯეტო მაკრატლის" პირობებში ვართ. სახელმწიფო ბიუჯეტს ახლა აქვს სამედიცინო თუ კორონავირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებებისთვის გასაწევი ხარჯები და იმავდროულად, ეკონომიკის დაპაუზება საბიუჯეტო შემოსავლებს შეამცირებს"
გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსმა არა მხოლოდ ჯანდაცვის კრიზისი, არამედ ეკონომიკური და შრომითი ბაზრის კრიზისიც გამოიწვია - პანდემიის ფონზე მსოფლიოში შესაძლოა 24 მილიონი ადამიანი დარჩეს უმუშევარი. გაერო ამ ვითარებას ადარებს 2008-2009 წლების კრიზისს, როცა სამუშაო ადგილი 22-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგა. რა შეიძლება მოხდეს საქართველოში და რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც დროებით ან ხანგრძლივად სამსახურის და შესაბამისად, შემოსავლების გარეშე დარჩება?
"ჰანიბალი კარიბჭესთანაა!"
სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: - კარგი ის არის, რომ თითქმის ყველა ქვეყანას წინსვლა აქვს კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის შექმნის საქმეში. ასეთივე მონდომებით ეძებენ ეკონომისტები, ფინანსისტები და პოლიტიკოსები წამალს ეკონომიკისთვის. საფრთხე მართლაც რომ გლობალურია და სწორედ ასეთ ვითარებას შეეფერება რომაელი პოლიტიკოსის, ციცერონის სიტყვები: "ჰანიბალი კარიბჭესთანაა!" (Hანნიბალ ანტე პორტას), როცა სერიოზულ საფრთხესთან გამკლავება ძალების მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვს.
კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებს სამედიცინო, ბიოლოგიური წარმომავლობა აქვს და მისი მასშტაბები უფრო ფართო და ყოვლისმომცველია, ვიდრე ტრადიციული ეკონომიკური კრიზისი. პარალელი რომ გავავლოთ, მეორე მსოფლიო ომში 65-მდე სახელმწიფო მონაწილეობდა, დღეს კი კორონავირუსი სამჯერ მეტ ქვეყანას, თითქმის მთელ მსოფლიოს მოედო. მხოლოდ ჩინეთმა ჯერ კიდევ დაუსრულებელ 2020 წლის პირველ კვარტალში ვერ აწარმოა იმდენი დამატებული ღირებულება, რაც ეკვივალენტურია მისი აღმოსავლელი მეზობლის, იაპონიის მიერ 1939-1945 წლებში გაღებული მთლიანი სამხედრო ხარჯისა. ასევე, პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით, კორონავირუსის წინააღმდეგ გაღებული ხარჯების პირველი ტრანში 1 ტრილიონი დოლარი იქნება. ეს თითქმის 40%-ით მეტია იმაზე, რაც ამერიკამ 2008 წელს მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს გაიღო. თანაც არც ამერიკა და არც ევროპისა თუ სხვა სახელმწიფოების ხელისუფლებები არ აპირებენ, უკვე გაღებულ ფინანსურ დახმარებას დასჯერდნენ.
- ასეთ პირობებში რის გაკეთებას შეძლებს საქართველო, რომელსაც ბევრად მოკრძალებული ფინანსური თუ მატერიალური შესაძლებლობები აქვს?
- ჩვენ შედეგს უნდა მივაღწიოთ მაქსიმალური ძალისხმევით, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის მაქსიმალური ურთიერთგაგებითა და თანადგომით. როგორც იტყვიან, ცალი ხელით ტაში არ დაიკვრება. ხელისუფლების სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები სინქრონული უნდა იყოს მოქალაქეთა სოციალური პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის ზრდის, რის მაგალითებსაც ჩვენ მასობრივად ვხვდებით და ასეთი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ მე მხოლოდ 2015 წლის 13 ივნისის თბილისის წყალდიდობის დროს მახსენდება.
მსოფლიოში ბევრი რეიტინგით ხდება ქვეყნების შეფასება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ინსტიტუტების მუშაობის გამართულობის მსოფლიო რეიტინგი რომ დგებოდეს, საქართველო ალბათ რამდენიმე ათეული პუნქტით იმაზე წინ იქნებოდა, ვიდრე დღეს არის თუნდაც ეკონომიკური განვითარების დონით.
ვგულისხმობ ურთიერთდახმარების ფაქტებს, ფულად შემოწირულობებს, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის არაერთ მაგალითს, სოლიდარობას არა მხოლოდ ბიზნესის მხრიდან მოქალაქეების თუ სახელმწიფოს მიმართ, არამედ ბიზნესებს შორისაც. თვით საბანკო სექტორი, რომლის მიმართ მოსახლეობას ბოლო წლებში არაერთხელ გამოუთქვამს სამართლიანი პრეტენზია, თავისი ციფრული ტექნოლოგიებისა და მომსახურების, ინტერნეტგადახდის სერვისებით საკმაოდ კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ფიზიკურ კონტაქტს მოვერიდოთ, თვითიზოლაციის, სოციალური დისტანცირების პირობები დავიცვათ და ამავე დროს, მობილობის მაღალი დონე შევინარჩუნოთ.
ხარჯი იმატებს, შემოსავალი დაიკლებს
რაც შეეხება მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, ასეთი მდგომარეობა აფხაზეთის ომის შემდეგ, 2008 წელსაც კი აღარ გვქონია. "საბიუჯეტო მაკრატლის" პირობებში ვართ, დავდექით ხარჯების გაუთვალისწინებელი ზრდის აუცილებლობის წინაშე. სახელმწიფო ბიუჯეტს ახლა აქვს სამედიცინო თუ კორონავირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებებისთვის გასაწევი ხარჯები და იმავდროულად, ეკონომიკის დაპაუზება საბიუჯეტო შემოსავლებს შეამცირებს.
როცა მცირდება საბიუჯეტო შემოსავლები და ხარჯები იზრდება, საიდან უნდა გამონახოს სახელმწიფომ საჭირო სახსრები? ამ დროს რამდენიმე საშუალება არსებობს, მათ შორის, საგარეო რესურსები.
ჩვენ ისე ზედმიწევნით ვასრულებდით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციებს, რომ დღეს მათგან დახმარების მიღების შესაძლებლობა შეუფერხებლად უნდა გვქონდეს. გარდა ამისა, ტექნიკურ-მატერიალური სახით იმ ქვეყნებიდან, რომელთაც აქვთ გამოცდილება და ინვენტარის მარაგი კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ, დახმარებას გაგვიწევენ.
- რაც შეეხება ქვეყნის შიგნით არსებულ რესურსებს, რა შეიძლება გაკეთდეს არსებული რესურსებით?
- პირველ რიგში, ფინანსური რესურსები მაქსიმალურად ეკონომიურად უნდა გამოვიყენოთ და ბიუჯეტში მუხლობრივი გადანაწილებაა შესაცვლელი. მაგალითად, 2020 წლის ბიუჯეტით სოლიდური ფინანსები გამოიყო საინვესტიციო პროექტებისთვის, მხოლოდ რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი 1 მილიარდ ლარზე მეტია. რაღაც დროით, რამდენიმე თვით ან თუნდაც 1 წლით შეგვიძლია გადავდოთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, თუნდაც, ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა და ეს ფული იმ დანიშნულებით გამოვიყენოთ, რომელიც დღეს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება. ამით შეგვიძლია ნაწილობრივ შევავსოთ დანაკლისი, რაც ბიუჯეტში წარმოების გაჩერებით, თუ სხვა ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის გამო გაჩნდება.
შიდა რესურსებზე საუბრისას უნდა ვახსენოთ მთავრობის გადაწყვეტილება, 9 სასურსათო პროდუქტზე ფასები არ გაიზარდოს. დავთვალე და შარშან ამ 9 პროდუქტის იმპორტმა 280 მლნ დოლარი შეადგინა - აგროსასურსათო პროდუქციის მთლიანი იმპორტის 22,2%. სახელმწიფოს მხრიდან ამ პროდუქციის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხის ყოველთვიური მოცულობა 1,5-2 მლნ ლარია. თუ, რა თქმა უნდა, ლარის კურსი დოლარის მიმართ 3,20 ლარის ფარგლებში იქნება. თუ ლარი გამყარდება, სუბსიდირების ხარჯიც შემცირდება, მაგრამ თუ გაუფასურდება, ბიუჯეტის ხარჯიც მოიმატებს.
მსოფლიოშიც ანალოგიური პროცესები ვითარდება და ბუნებრივია, გამონაკლისი ვერ ვიქნებით. საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა, ბოლო არასრულ 2 თვეში ორჯერ შეამცირეს მიმდინარე წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი და ჯამურად შემცირებამ 2,8 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მათი ვარაუდით, თუ არსებული მდგომარეობა გაგრძელდა, თვის ბოლოსთვის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი უკვე მხოლოდ 0,4% იქნება.
"ყველაფერი კრიზისის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული"
ამ ვითარებაში ძნელია პროგნოზირება, რამდენი იქნება ეკონომიკის ზრდა საქართველოში. რეგულაციების გამო ჩვენთან კერძო სექტორის ნაწილის მუშაობა შეიზღუდა, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ახლა ყველაფერი კრიზისის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. იმედი ვიქონიოთ, ეს ყველაფერი შედარებით მალე გადაივლის და ეკონომიკა, საზოგადოებრივი ცხოვრება ჩვეულ რიტმსა და კალაპოტს დაუბრუნდება.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანიების ნაწილი, რომლებიც შექმნილ ვითარებაში მუშაობას ვერ აგრძელებენ, თანამშრომლების ნაწილს უხელფასო შვებულებაში უშვებს. ამ შემთხვევაში რის გაკეთება შეუძლია ხელისუფლებას, რა კონკრეტული პროგრამები შეიძლება შესთავაზოს დროებით უმუშევარ ადამიანებს, რათა ასეთ რთულ ვითარებაში შეეხიდოს მათ?- ჩვენს ქვეყანაში ბიზნესსექტორზე მოდის დაქირავებით დასაქმებულთა დაახლოებით 77%, ანუ 680 ათასი ადამიანი. ცხადია, ყველა სამუშაო ადგილის შენარჩუნება ვერ მოხერხდება, მაგრამ გვაქვს მაგალითები, როცა დასაქმებულებს სთავაზობენ საქმიანობის პროფილის შეცვლას. მაგალითად, დაიხურა რესტორანი, მაგრამ საკვების მიტანის სერვისი შესთავაზეს მომხმარებელს. სასტუმრო დაიკეტა და მათი თანამშრომლები სუპერმარკეტებსა და სამედიცინო კლინიკებში გადანაწილდნენ. იზრდება დასაქმებულთა დატვირთვა ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. დიდი დატვირთვით მუშაობს სააფთიაქო ქსელიც. შესაბამისად, ეს არ ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილების ტოტალურად შემცირება ხდება. სადღაც მცირდება კადრები და სადღაც ახალი ემატება. თუმცა, გლობალური მოთხოვნისა და მიწოდების შემცირების ფონზე, საქართველოშიც აუცილებლად შემცირდება ეკონომიკის მასშტაბები, სამუშაო ადგილები.
"სუსტი დარგები უნდა გაძლიერდეს"
აქცენტი უნდა გავაკეთოთ შრომითი რესურსების გადართვაზე იმ დარგებში, რომლებმაც ამ ვითარებაში განსაკუთრებული სიმყიფე აჩვენა. ასეთი, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობაა. რა დასამალია და, საქართველო მხოლოდ კვერცხისა და კარტოფილის წარმოებით უზრუნველყოფს საკუთარ მოხმარებას 100%-ით. დანარჩენი პროდუქტების მოხმარებისას კი შემოტანილ პროდუქციაზე ვართ დამოკიდებული. მარცვლეულში 85%-ით ვართ დამოკიდებული იმპორტზე, მათ შორის რუსეთის ფედერაციაზე დიდწილად და არა მხოლოდ მარცვლეულით. ჩვენ უნდა შევძლოთ შიდა წარმოების გაზრდა იმდენად, რომ იმპორტზე დამოკიდებულების ხარისხი არ იყოს 40-45%-ზე მეტი. ძნელია ისრაელთან შედარება, მაგრამ მათი კლიმატური პირობების გათვალისწინებითაც კი, ისრაელი აწარმოებს საკუთარი სასურსათო მოხმარების 95%-ს და გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ სფეროში დასაქმებულია 20 ათასზე ნაკლები ადამიანი. ეს შრომის მაღალი მწარმოებლურობისა და ტექნოლოგიების გამოყენების შედეგია. სწორედ ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. იმან, რაც ახლა ხდება სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური სწავლების ტექნოლოგიების თვალსაზრისით, მინდა, ბიძგი მისცეს ბიზნესსექტორს, რომ დისტანციური სწავლისა თუ მართვის ტექნოლოგიები კიდევ უფრო მეტად დანერგოს. მართალია, მომსახურების სექტორი, ტურიზმი საკმაოდ რენტაბელური ბიზნესია, მაგრამ რისკების მიმართ ის ყველაზე მეტად დაუცველი აღმოჩნდა. ამიტომ, სამომავლოდ, ქვეყანას უნდა ჰქონდეს განვითარებული ძლიერი რეალური სექტორი, რომლის გარეშე სახელმწიფოს ძლიერება და სტაბილურობა წარმოუდგენელია.
- ხელისუფლების მიერ ბიზნესისა და მოსახლეობის მხარდასაჭერად უკვე გადადგმული ნაბიჯები რამდენად საკმარისია ამ ეტაპზე?
- მოსახლეობის მდგომარეობა, მათი შემოსავალი, ხშირად საკმაოდ დაბალი, მეტ დახმარებასა და თანადგომას ითხოვს ხელისუფლების მხრიდან. შესაძლოა ხელისუფლებამ იფიქროს წინა წლებში დანერგილ ვაუჩერების სისტემაზე, რომლითაც ეხმარებოდნენ ოჯახებს კომუნალური გადასახადების გადახდისას. ხომ იცით ქართული ანდაზა, "ჭამა ქონებაზე კიდიაო". ისეთი მდიდარი ქვეყანა არ ვართ, როგორიც მაგალითად საფრანგეთია, სადაც შეუძლიათ მოსახლეობა დროებით საერთოდ გაათავისუფლონ კომუნალური გადასახადებისგან. ხელისუფლება არ არის ილუზიონისტი, რომელსაც შეუძლია შავი ცილინდრიდან თეთრი ბაჭია ამოიყვანოს.
ჩვენ შეგვიძლია გავანაწილოთ მხოლოდ ის, რისი მობილიზებაც შეუძლია სახელმწიფოს გადასახადების ან საგარეო დახმარების სახით. ჩვენ უნდა შევძლოთ საკუთარი თავის შველა სოციალური სოლიდარობის ხარჯზე, სხვა უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს.
წყარო: “კვირის პალიტრა"