ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ზოგადი რეკომენდაციები განსაზღვრა.
მათ შორის ცალკე რეკომენდაციები არის მომსახურების სექტორისთვის, როგორიცაა: ბანკები, აფთიაქები და სავაჭრო ობიექტები. ამ რეკომენდაციების ფარგლებში დამსაქმებლის ვალდებულებებია:
- მიუხედავად იმისა, არის თუ არა გამოვლენილი ინფექციის შემთხვევა, შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეების შემცირებას, გამოვლენის შემთხვევაში კი - გავრცელების პრევენციას;
- სამუშაოს დაწყების წინ უნდა გააკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
- მიაწოდოს ინფორმაცია ყველა თანამშრომელს და კონტრაქტორს, დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს უსაფრთხო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ;
- იქ, სადაც შესაძლებელია სამუშაოს შესრულება განხორციელდეს დისტანციურად, უზრუნველყოს მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენება;
- პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე უზრუნველყოს დახურული სივრცეების/ სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია და სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება და დეზინფექცია;
- მუშაობის მიმდინარეობისას, სამუშაო დროის განმავლობაში დააწესოს სანიტარული შესვენებები. გამოყოს პიროვნება ვინც დაამუშავებს სამუშაო პლატფორმას შესაბამისი წესით;
- ეცადოს მოძებნოს ნაღდი ფულის გამოყენების შემცირების გზები. წაახალისოს დისტანციური გადახდები.
- შენობის შესასვლელებში განათავსოს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
- თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ხელის ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;
- დარწმუნდეს, რომ დასაქმებულებს აქვთ წვდომა ხელის ჰიგიენურ საშუალებებთან (მათ შორის თხევად საპონთან და ქაღალდის ხელსახოცებთან) და სახის ნიღბებთან;
- უზრუნველყოს გამოყენებული ჰიგიენური საშუალებები განთავსება დახურულ კონტეინერებში და მათი დროული გატანა შენობიდან, შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
- უზრუნველყავით მობილური/ქალაქის ტელეფონის გამოყენების შემთხვევაში მისი პერიოდული დამუშავება შესაბამისი წესით. ხშირად გამოიყენეთ სადეზინფექციო საწმენდი საშუალებები მის გასაწმენდად;
- შეზღუდოს მომხმარებლების და ფართო საზოგადოების დაშვება ობიექტებზე, ან ისინი მხოლოდ განსაზღვრულ სამუშაო არეალში დაუშვას. დააწესოს კონტროლი და შეიმუშავოს შესაბამისი სქემა მომხმარებელთა ნაკადის ეტაპობრივ დაშვებაზე;
- სამუშაო მაგიდებზე, იქ სადაც დასაქმებულს უწევს კონტაქტი ვიზიტორთან, დროებით დაამონტაჟოს გამჭვირვალე დამცავი ბარიერი, რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი ან უკიდურეს შემთხვევაში თანამშრომლები უზრუნველყოს სახის ფარით, ხელთათმანითა და შესაბამისი სამედიცინო ნიღბით;
- დასაქმებულები უზრუნველყოს შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანი, სამედიცინო ნიღაბი);
- ვიზიტორთა შორის დისტანციის დასაცავად გამოიყენოს სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით).