საკვები ობიექტები, სპა დეპარტამენტი და MICE ტურიზმი - ეს ის მომსახურებებია, რომელიც პანდემიის შემდგომ, პირველ ეტაპზე სასტუმრო ბიზნესს შემოსავალს მოუტანს. ამის შესახებ აღნიშნულია უძრავი ქონების ბაზრის საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის ანგარიშში.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, თბილისის სასტუმროებისთვის მარტი საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა ბევრმა შეძლო თანამშრომელთა შენარჩუნება და ხელფასების გაცემა. სათუოა, რამდენად გაართმევენ თავს იმავე ამოცანას აპრილის თვეში, თუ არ განხორციელდა მათთვის სასარგებლო შეღავათები. არსებული კრიზისი გაცილებით მტკივნეული აღმოჩნდა არაბრენდული სასტუმროებისთვის. თუმცა სუბსიდირება და გადასახადების შემცირება ორივე ტიპის სასტუმროსთვის არსებითი მნიშვნელობისაა.
„სასტუმრო სექტორისთვის პირველი შვება საგანგებო მდგომარეობის გაუქმება იქნება, სასტუმროებს ადგილობრივი მოთხოვნა აამოქმედებს. პირველ ეტაპზე შემოსავლის მომტანი იქნება სასტუმროს საკვები ობიექტები, რომლებიც, როგორც წესი, მთლიანი შემოსავლების 30-35%-ს წარმოადგენენ. ასევე, სპა დეპარტამენტი და MICE ტურიზმი“, - აღნიშნულია ანგარიშში.
Cushman & Wakefield-ში თვლიან, რომ მოკლევადიან პერიოდში, მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს სასტუმრო მომსახურებაზე. შესაბამისად, მარკეტინგული კამპანიაც ამ მიმართულებით უნდა შემუშავდეს.
„სასტუმროების მენეჯერების გარკვეულმა ნაწილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ჩართულობა და მარკეტინგული სტრატეგიის ერთობლივი შემუშავება, რათა პოსტ-პანდემიის პირობებში, ქვეყნის მიმართ ტურისტების ნდობა აღდგეს.
მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო სექტორზე მოთხოვნის შემცირებას განაპირობებს ნდობის დაბალი მაჩვენებელი და არა მაღალი საფასე პოლიტიკა, ჩვენი ვარაუდით, სასტუმროების საშუალო დღიური მაჩვენებლის კლება მაინც გარდაუვალია. მსგავსი სცენარი განვითარდა 2019 წელს, როცა რუსეთიდან შეწყდა ფრენები. მაშინ, დაბალბიუჯეტიანი სასტუმროების ნაწილმა, რომლებიც ძირითადად რუს ტურისტებზე მუშაობდნენ, მომსახურება გააიაფეს.
ბაზარზე გაჩნდა არაჯანსაღი კონკურენცია და მაღალბიუჯეტიანი სასტუმროები იძულებულნი გახდნენ, საფასე პოლიტიკა შეეცვალათ. ჩვენი პროგნოზით, მსგავსი სცენარი განვითარდება 2020 წლის მეორე ნახევარში. სწორედ ამიტომ, სექტორის კოორდინირებული მოქმედება გადამწყვეტი იქნება შემოსავლების სწრაფი აღდგენისთვის. გლობალური მასშტაბით საგანგებო ვითარების დასრულების შემდეგ, მსოფლიო ეტაპობრივად დაიწყებს ამოქმედებას. მთელი ძალისხმევა მიმართული იქნება ეკონომიკური წახალისებისკენ. ექსპერტები და ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ დადებითი დინამიკა ზაფხულის პერიოდიდან უნდა გამოჩნდეს, ვინაიდან ვირუსის შესაჩერებელი სამოქმედო სტრატეგია საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. თუმცა, ცხადია, რომ ასეთი ტიპის განცხადებები პირობითია და პანდემიის პირობებში მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული“- წერია ანგარიშში.