"კომუნალური გადასახადის წილი იმდენად მაღალია, რომ თითქმის აღარ რჩება არაფერი ჯანდაცვისა და განათლებისთვის"
ხელფასის დაახლოებით მეოთხედს მოსახლეობა კომუნალურ გადასახადებში ხარჯავს. საშუალო ხელფასსა და დანახარჯს შორის აშკარა უთანაბრობაა, რაც ქვეყანაში მძიმე სოციალურ ფონს ქმნის. რამდენს ხარჯავენ კომუნალურ გადასახადებში? - ამ კითხვით, "რეზონანსმა" 100 ადამიანი გამოკითხა. შედეგმა აჩვენა, რომ გამოკითხული ასი რესპონდენტიდან, ყოველი მეორე კომუნალურ გადასახადებში 100-150 ლარს იხდის. ყოველი მეხუთე ადამიანისთვის ეს მაჩვენებელი 50-დან 100 ლარამდეა, ხოლო ყოველი მეშვიდე ადამიანი 50-ლარიან ლიმიტში ეტევა. მოსახლეობის 10-12% კი კომუნალურ გადასახადებში 200 ლარზე მეტს ხარჯავს.
ამ მონაცემებს თუ დავუმატებთ ინტერნეტის, ტელეფონისა და სხვა ტიპის გადასახადის ხარჯს, რაც ასევე აწვება ოჯახის ბიუჯეტს, საკმაოდ დიდ თანხას მივიღებთ. "რეზონანსმა" სპეციალისტების აზრი შეაჯამა საქართველოში ხელფასისა და ხარჯის თანაფარდობისა და "მოკლე საბნის" პრინციპით მცხოვრები ხალხის შესახებ.
აკადემიკოს ავთო სილაგაძის განცხადებით, მოსახლეობის უმრავლესობას კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა აქვს. გაცილებით მეტ თავსატეხს მათ ზამთრის სეზონი უქმნის და არ არის გამორიცხული, ამ ხარჯთან გამკლავება ბევრმა ოჯახმა ვერც შეძლოს.
"დიდი მნიშვნელობა აქვს საშუალო ხელფასის მაჩვენებელს, თუ რის მიხედვით მოხდა მისი განსაზღვრა. რამდენადაც ვიცით, საშუალო ხელფასი მაღლახელფასიანი მოქალაქეების გამოისობითაა გაზრდილი. მაღალი და დაბალი შემოსავლების კატეგორიებს შორის უთანაბრობა კატასტროფულად დიდია. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მცირეხელფასიანია. გამოკითხვის შედეგით თუ ვიმსჯელებთ, დასაქმებულების 15% მძიმე მდგომარეობაშია. ელემენტარულად, მათ არ აქვთ საშუალება მინიმალური ხარჯი გასწიონ. სხვათა შორის, არც 200 ლარია ის თანხა, რომ ადამიანებმა ამ თანხით კარგი ცხოვრება მოიწყონ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ხარჯთან დაკავშირებით პრობლემა აქვს. ის კატეგორია, ვინც კომუნალურ გადასახადებში 50 ლარამდე ხარჯავს, ზამთრის სეზონზე სერიოზულ პრობლემას აწყდება. სამწუხაროდ, ასეთი შეუსაბამობა ქვეყანაში მძიმე სოციალურ ფონს ქმნის", - აცხადებს სილაგაძე.
მისი აზრით, მთავრობას ამ პრობლემის გასამკლავებლად სერიოზული მუშაობა მოუწევს და მისი შემდგომი წარმატებაც ამ სოციალური პრობლემის დაძლევაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული. "ცხადია, კომუნალური გადასახადის გარდა, არის სხვა ხარჯიც, ბევრი ოჯახისთვის ასეთია სწავლის გადასახადი. აშკარა უთანასწორობაა, მთლიანობაში, საქმე გვაქვს პრობლემასთან, რომელთანაც მთავრობას შეჯახება უხდება. როგორ გაართმევს თავს, დიდწილად ამაზეა დღევანდელი ხელისუფლების წარმატება-წარუმატებლობა დამოკიდებული", - დასძენს იგი.
ანალოგიური მოსაზრება აქვს ექსპერტს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძეს, რომლის შეფასებითაც, საქართველოს მოსახლეობის დიდზე დიდი უმრავლესობა უკიდურესობის წინაშეა.
"ოჯახის ხარჯებში კომუნალური გადასახადის წილი ძალიან მაღალია, იმდენად დიდი, რომ არ რჩება ადგილი ისეთი ხარჯისთვის, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. ელემენტარულად, ადამიანები საკვების შეძენას ვერ ახერხებენ. საქართველოში მილიონი ოჯახიდან 800 ათასს ფულადი შემოსავალი თვითდასაქმების გზით აქვს. ამ ადამიანებისთვის იმდენად დიდია კომუნალური გადასახადის ხარჯი, რომ სხვა არაფრისთვის რჩება ადგილი, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე. ჩვენ გვჭირდება სიღარიბისა და უთანასწორობის ანალიზი. კატასტროფული შეუსაბამობაა ოჯახის როგორც შემოსავალ-გასავალში, ასევე პრიორიტეტებშიც", - აცხადებს ექსპერტი.
"რეზონანსის" მიერ გამოკითხულთაგან 37 წლის ლია გაგნიძე პროფესიით პედაგოგია. იგი ამბობს, რომ მისი ყოველთვიური ხელფასი 300 ლარამდეც არ არის, ხოლო კომუნალურ გადასახადებში ოჯახს 100 ლარი ეხარჯება.
"კომუნალური გადასახადის ქვითარს ყოველთვიურად გულის კანკალით ველოდები. ხელფასის ნახევარი კომუნალური გადასახადებში მიდის. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობ ხარჯის შეზღუდვას, ვერაფერს ვახერხებ. ზოგჯერ ხდება ისეც, რომ მთელი დღის განმავლობაში არ ვრთავ ელექტროენერგიას, საღამოობითაც მხოლოდ მაშინ შეიძლება გამოვიყენო, როდესაც ხელსაქმეს ვაკეთებ ან წიგნს ვკითხულობ.
განსაკუთრებით ზამთარში მიჭირს, სახლის გათბობა ლამის შიმშილობის ხარჯზე მიწევს. ასეთი შეზღუდვითაც კი, კომუნალურ გადასახადებში 100 ლარი მეხარჯება. შარშან გაზის გადასახადი რომ დამეფარა, ოჯახიდან ნივთი გავიტანე გასაყიდად, წელსაც ამის გაკეთება მომიწევს", - ამბობს ლია გაგნიძე.
კიდევ ერთი გამოკითხულის, სოხუმიდან დევნილი ლანა სტურუას სტაბილური შემოსავალი შემწეობის თანხაა, რითაც თვიდან თვემდე გააქვს თავი. ამბობს, რომ კომუნალურ გადასახადებში 50 ლარამდე ხარჯავს, ხოლო ზამთრის პერიოდში ორმაგს იხდის.
"ოჯახში სამი სული ვცხოვრობთ და ყოველთვიურად 135 ლარს ვიღებთ. 50 ლარს რომ კომუნალურ გადასახადში გადაიხდი, რაღა უნდა დაგრჩეს?! კვირაში ერთხელ ან ორჯერ ოჯახში დამხმარედ ვმუშაობ, დღეში 10 ლარს მიხდიან. თუ გამიმართლა, თვეში 100-120 ლარამდეც მიგროვდება, ასე ვახერხებ შვილების გამოკვებას, ტანსაცმლისა და სხვა საჭიროების შეძენაზე საუბარიც ზედმეტია. გაჭირვებით ვცხოვრობთ, არ ვიცი, როდემდე გავუძლებ. ზამთარი მოგვადგა და ნოემბრიდან ხარჯიც მოიმატებს. იმის გამო, რომ სახლში ტექნიკა გვაქვს, სოციალურ სტატუსს ვერ ვიღებთ. არც დასაქმების შესაძლებლობაა. კომუნალური გადასახადის გარდა, სხვა ხარჯიცაა, ტელეფონის, ტრანსპორტის და სხვა, რასაც თავს გაჭირვებით ვართმევ, რთულ სიტუაციაში ვართ", - ამბობს ლანა სტურუა.
მარი ჩიტაია
წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”