დღეიდან ავტოსარემონტო დაწესებულების მუშაობა და სამშენებლო საქმიანობა დასაშვები ხდება.
კერძოდ, 5 მაისიდან სამშენებლო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ნებართვები საქმიანობის აღდგენის მიზნით. ასევე დღეიდან ჩვეულ რეჟიმში შეეძლებათ საქმიანობის განხორციელება ავტოსარემონტო ობიექტებს.
თუმცა, კომპანიებს და ობიექტებს მოუწევთ იმ რეკომენდაციების და უსაფრთხოების წესების დაცვა, რაც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს შემუშავებული.
ამასთან, უკვე დღეიდან ორი დიდი ქალაქი - ქუთაისი და ბათუმი გაიხსნება და იქ შესვლა-გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდება.
ეხება თუ არა სამშენებლო სამუშაოების ნაწილში შეზღუდვების მოხსნა სამშენებლო მასალის რეალიზაციას?
არა. რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ ონლაინ.
დასაშვებია თუ არა ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გასვლა კომენდანტის საათის დროს?
არა. კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში.
დასაშვებია თუ არა ავტონაწილებით ვაჭრობა?
არა. ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას, თუ ამ მასალის გაყიდვა ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია.
ავტოტექმომსახურების დაშვება გულისხმობს თუ არა მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც?
დიახ.
ავტოტექმომსახურების ცენტრების და ავტოსამრეცხაოების მიერ სავალდებულოა, რომ დაცული იყოს შესაბამისი წესები (პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ)?
დიახ.