„ჩვენი სამუშაოების მოცულობა 40%-ით შემცირდება“, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანიის „ანაგის“ ბიზნესის განვითარების დირექტორმა დავით ანდღულაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 5 მაისიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე და ასევე, სამშენებლო მასალების მწარმოებელ ყველა კომპანიას მიეცა საშუალება მუშაობის განახლების. თუმცა, კომპანიებს მოუწევთ იმ რეკომენდაციების შესრულება და დაკმაყოფილება, რაც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს შემუშავებული. მათ შორის, საუბარია, დეზობარიერის განთავსებაზე, თანამშრომლების თერმოსკრინინგზე, პირბადის გამოყენებაზე, დისტანციის დაცვაზე და ა.შ.
„ანაგის“ ბიზნესის განვითარების დირექტორის თქმით, ამ რეკომენდაციების დაცვა რთული, თუმცა აუცილებელია. როგორც ანდღულაძე აღნიშნავს, მათ ყველა პირობა შექმნეს ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
„რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის პირობებში, დაახლოებით, 2 თვიან პაუზას და მის გავლენებს კომპანიაზე, ჩვენ წლის დასაწყისში შევადგინეთ პროგნოზი, რომელიც, რა თქმა უნდა, ექვემდებარება გადახედვას შემცირების კუთხით. დეტალური ანალიზის ჩატარებას მას შემდეგ შევძლებთ, რაც ეკონომიკა გაიხსნება და არსებული შეზღუდვები მოიხსნება, თუმცა, ამ ეტაპზე რასაც ვხედავთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სამუშაოების მოცულობა დაახლოებით, 40%-ით შემცირდება,“-აღნიშნა ანდღულაძემ.