„გაყიდვები ფაქტობრივად, შეჩერებულია. მთელი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მხოლოდ ერთეული უძრავი ქონება გაიყიდა“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „რედკოს“ პროექტების მენეჯერმა მალხაზ კუნელაურმა განუცხადა.
მისი თქმით, ამას ტურისტების არარსებობაც ემატება, რის გამოც, გუდაურში აპარტამენტების გაქირავება, ბათუმში კი სასტუმროს ფუნქციონირებაც შეჩერებულია.
რაც შეეეხება მიმდინარე პროექტებს, როგორც მალხაზ კუნელაური ამბობს, ბობოყვათსა და გუდაურში სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში განახლდება.
ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის გამო, სამუშაო პროეცესი სამშენებლო სექტორსაც შეჩერებული ჰქონდა. თუმცა, მთავრობის დადგენილებით, საქმიანობის აღდეგნის უფლება 11 მაისიდან მიეცათ.
„სიმართლე გითხრათ, თვითონ პროექტებზე ნებართვის გაცემის დინამიკა ისევ ისე შენარჩუნდა, როგორც მანამდე იყო. თბილისში პროექტის დაწყება გვინდა და თითქმის, წელიწადნახევარია წინ ვერ მივდივართ. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ საგანგებო მდგომარეობამ ამ მიმართულებით რამე განსხვავებულად გაართულა. სახელმწიფო ბიუროკრატია მუშაობის ისევ ისე, როგორც მანამდე.
სხვა მხრივ, რადგან შეზღუდვები მოიხსნა, ბობოყვათში ვაპირებთ პროექტის დაწყებას, რომელზეც სამშენებლო ნებართვა უკვე გვაქვს. გარდა ამისა, სამშენებლო პროცესი გაჩერებულია გუდაურში, სადაც ვაკეთებთ პატარა ქალაქს. 10 ობიექტის მშენებლობას კომპანია „ანაგი“ ახორციელებდა, რომელიც ჩვენი გენერალური კონტრაქტორია. თუმცა, არსებული ვითარების გამო გაჩერება მოუწია. ახლა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და მალე განვაახლებთ საქმიანობას.
რაც შეეხება ზარალს, რა თქმა უნდა, დიდია. ციფრებში დათვლილი ჯერ არ გვაქვს, შედეგებს მოგვიანებით შევაჯამებთ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ გაყიდვები ფაქტობრივად, შეჩერებულია. ყოველ შემთხვევაში, 90%-ით მაინც შემცირდა. მთელი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მხოლოდ ერთეული უძრავი ქონება გაიყიდა.
გარდა ამისა, საზღვრების ჩაკეტვა და ტურისტების არარსებობა დამატებით აისახა ჩვენი უძრავი ქონების გაქირავების ნაწილზე. ამასთან, წლის დასაწყისში ბათუში 5-ვარსკვლავიანი საასტუმრო გავხსენით, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს. საგანგებო მდგომარეობის გამო ისევ დახურვა მოგვიწია. ამ მიმართულებითაც ზარალია“,- ამბობს მალხაზ კუნელაური.
მისი თქმით, შექნილ ვითრებაში კომპანიას ბიუჯეტის კორექტირება მოუწია.
„შექნილ ვითარებაში ბიზნესს შემოსავლები, რა თქმა უნდა, შეუმცირდა, თუმცა ვალდებულებები - არა. ამის დასაბალანსებლად კი, ბიზნეს გეგმაში საბიუჯეტო ნაწილის კორექტირება მოგვიწია“,-აღნიშნავს მალხაზ კუნელაური.
კონკრეტულად რა არის საჭირო იმისთვის, რომ სამშენებლო სექტორმა ინვესტიციების მოზიდვა და საქმიანობის გაგრძელება შეფერხების გარეშე შეძლოს - „რედკოს“ გაყიდვების მენეჯერი 4 შეღავათს ასახელებს. როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, ესენია: სესხებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივება, საბანკო რეგულაციების დროებით შერბილება, ნებართვების გაცემის პერიოდის შემცირება და დღგ-ს ნაწილში შეღავათების დაწესება.