18 მაისიდან, ორშაბათიდან, ქვეყნის მასშტაბით, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნა.
თუმცა, თითოეულ დაწესებულებას აქვს ვალდებულება დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. სწორედ ამ რეკომენდაციებიდან გამომდინარე იყო მოლოდინი, რომ სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში ფასები გაიზრდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა დაწესებულებამ ფასები უკვე გაზარდა. სხვადასხვა მომსახურებაზე ფასის ცვლილება ძირითადად, გარეუბნებში 2-5 ლარის; ხოლო ცენტრალურ უბნებზე - 5-10 ლარის ფარგლებშია. მაგალითად, ზოგ სალონში - მანიკიურის ფასის 5 ლარით; თმის შეღებვა კი - 9 ლარით არის გაზრდილი.
რაც შეეხება იმ წესებს, რომლის დაცვაც უწევთ სალონებს, სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ძირითად რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ:
- რიგებისა და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულებებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით იმგვარად უნდა უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს ობიექტის შიდა სივრცეში მომხმარებელთა მოცდა.
- საერთო სივრცეში 5 კვ.მ-ზე დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი მომხმარებელი და ეს ფართი ასევე მოიცავს ერთ მომხმარებელზე ერთ მომსახურე პერსონალს.
- თითოეულ სამუშაო უბანს შორის დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია. ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება, სივრცეების იზოლაციისთვის შესაძლებელია ისეთი ბარიერების გამოყენება (მოძრავი კედლები/შირმა და ა.შ.), რომელიც ექვემდებარება რეცხვა-დეზინფექციას.
- სამუშაოს დაწყებამდე სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, რომელთაც ჰყავთ 20 და მეტი დასაქმებული, უნდა განახორციელონ დასაქმებულების/ვიზოტორების ყოველდღიური თერმოსკრინინგი ობიექტზე შესვლის წინ;
- შესასვლელებში უნდა განათავსონ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით.
- დამსაქმებლის ვალდებულებებში შედის COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებების განთავსება, ასევე ხელის ანტისეპტიკური საშუალებების განთავსება დაწესებულებაში.
- უნდა უზრუნველყოს დასაქმებულები და ვიზიტორები ხელის დაბანის გამართული საშუალებებით, ერთჯერადი ხელსახოცებით - ნიღბებით, სათვალით, დამცავი ტანსაცმლით და სხვა.
- ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს დასაქმებულები, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.