"შეგვიძლია ჩვენივე ჯიშებიდან უკეთესი ფორმები გამოვიყვანოთ, მაგრამ ჩვენი ქართული
ჯიშები უსათუოდ უნდა ცოცხლობდეს"
წლევანდელი ზაფხული მძიმე გამოდგა ქართველი გლეხობისთვის. გაუსაძლისი გვალვების გამო გლეხმა იმის მესამედი მოსავალიც ვერ მიიღო, რასაც ელოდა. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ გაუმართავია აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავი სისტემა, თუმცა დაუღალავმა შრომამ და გარჯამ, როგორც ყოველთვის, შედეგი ახლაც გამოიღო და ზოგან მაინც მოვიდა ბარაქიანი მოსავალი. ეს მომავლის იმედს აჩენს. მაგალითად, მარნეულში, "ლომთაგორას" სიმინდისა და ხორბლის მოსავლის ნახვა ყველას გუნებას გამოუკეთებს. მართალია, აქ ხორბალი უკვე დაბინავებულია, მაგრამ რამდენიმე ჯიშისა და ფორმის ქართული სიმინდის რჩევა ახლაც მიმდინარეობს.
ამ მოსავლის სანახავად მაშინ ჩავედი, როცა ლომთაგორაში ფერმერთა კონფერენცია მიმდინარეობდა. აქაური მოსავლის სიუხვემ ისინიც გააკვირვა. "ლომთაგორას" დირექტორმა ფერმერმა კახა ლაშხმა დრო ჩვენთან სასაუბროდაც გამონახა:
- წლევანდელი გვალვის მიუხედავად, უხვი მოსავალი მივიღეთ, რაც კარგად დაგეგმილი აგროტექნიკისა და ჩვენი ჯგუფის თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ჩვენთან მოსავლის მიღებაზე ის მეცნიერები მუშაობენ, ვისთან ერთადაც ყველანაირი დაბრკოლების გადალახვა შეიძლება. გაუსაძლისი გვალვისას, როცა გარეთ გამოსვლაც ჭირდა, მხცოვანი ხალხი ორი თვის განმავლობაში ყოველდღე დადიოდა თბილისიდან მარნეულში და სიმინდისა თუ ხორბლის ყანებში შრომობდა, მათი შემხედვარე ვერც ერთი დასვენებას ვერ ვბედავდით, არადა, ძალიან გვიჭირდა 47-გრადუსიან სიცხეში მუშაობა. ასეთი მუხლჩაუხრელი და მძიმე შრომით მივიღეთ ჰექტარზე 7-7,5 ტონა სიმინდი და 5 ტონა ხორბალი. დავაბინავეთ და დავასაწყობეთ.
არანაკლებ სასიხარულო კი ის არის, რომ "ლომთაგორაში" გამოყვანილი ქართული მარცვლეულით საქართველოს სხვა კუთხეებშიც კარგი მოსავალი მიიღეს. მაგალითად, გორში, სოფელ ხურვალეთში ჩვენი სიმინდი ურწყავად ჰექტარზე 7 ტონა მოვიდა. ეს დიდი მოსავალია იმ დროს, როცა 47-გრადუსიან სიცხეში მიწას ორი თვის განმავლობაში წვეთი წყალიც არ ეპკურება. ამით ჩანს, რომ ჩვენმა სიმინდმა ბუნების გამოცდას გაუძლო, რომ ქართული ჯიში ამართლებს და არ უნდა დავკარგოთ.
შეგვიძლია ჩვენივე ჯიშებიდან უკეთესი ფორმები გამოვიყვანოთ, მაგრამ ჩვენი ქართული ჯიშები უსათუოდ უნდა ცოცხლობდეს. არადა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მარცვლეული, მათ შორის სიმინდი, ძალიან შემცირებულია. სიმინდი კიდევ შედარებით იმიტომ გადარჩა, რომ დასავლეთ საქართველოში პურის შემცვლელ კულტურად იყენებენ.
- რამდენადაც ვიცი, პრობლემურია სიმინდის მარცვლის დაბინავება, რადგან მის შრობასა და ტენიანობის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
- სიმინდი ჩვენში შეიძლება 200 ათას ჰექტარზე და მეტზეც ითესებოდეს. დღეს ჩვენი გლეხი დაახლოებით 80 ათას ჰექტარზე თესავს საკვებ სიმინდს თავისთვის და შინაური პირუტყვ-ფრინველის საკვებად. დანარჩენი ფართობის ათვისებაც შეიძლება, ოღონდ ფერმერებს მხარში სახელმწიფოს ამოდგომა სჭირდებათ. გარდა საკვები სიმინდისა, არსებობს საფურაჟე სიმინდი, რომელსაც დღეს დიდი რაოდენობით არ იყენებენ, მაგრამ განვითარებული ფერმერული მეურნეობის პირობებში ის აუცილებელი გახდება. ჩვენ სასელექციო სადგურებში გამოგვყავს ქართული სიმინდის სხვადასხვა ფორმები და ჰიბრიდები; მათ შორის, საფურაჟე სიმინდიც. საბედნიეროდ, ჩვენი მოსავალი მაღალპროდუქტიული და ხარისხიანია. შენახვის მხრივაც იმედიანად ვართ - ჩვენს კონტეინერებში 2000 ტონა მარცვლეულის შენახვა ისეა შესაძლებელი, რომ მარცვლეული დაცული იყოს, არც ზომიერი ტენი მოაკლდეს და არც ზომიერი სიმშრალე.
ჩვენი საუბრის შემდეგ სიმინდის მოსავლის სანახავად წავედი, რომელსაც ქალები ფუჩეჩისგან არჩევდნენ და აბინავებდნენ. უზარმაზარ სათავსში დახვავებულმა ყვითელმა ტაროებმა თვალი მომჭრა:
- ეს აბაშური ყვითელი სიმინდია და ძალიან გემრიელია... - დამტვრეული ქართულით ძლივს გამაგებინეს ადგილობრივმა აზერბაიჯანელებმა და სიმინდის რჩევა განაგრძეს. ამასობაში სიმინდით სავსე ტრაქტორის ძარა სათავსში დაიცალა... ირგვლივ ჩალის სუნი დატრიალდა.
- კმაყოფილი ხართ აქ მუშაობით?
- რატომაც არა, სამუშაოში ფულს გვიხდიან და საღამოს სახლებშიც მივყავართ. მჭადის ჭამა კი ჩვენც ვისწავლეთ, - მიპასუხეს მათ მხიარულად.
ამასობაში ბატონ კახასთან საუბარი კვლავ განვაგრძე:
- როცა აჭრილ სიმინდს ვათვალიერებდი, მზესუმზირებიც დავინახე...
- მზესუმზირები სიმინდის ნაკვეთებს შორის საიზოლაციო ზოლად ჩავთესეთ, რათა სხვადასხვა ფორმის სიმინდს ერთმანეთი არ დაემტვერა და ფორმა არ შესცვლოდა.
მზესუმზირების თესლი უცხოეთიდან ჩამოვიტანეთ და საკმაოდ ხარისხიანი მცენარე გაიზარდა - მაღალი, ძლიერი და ქარგამძლე.
- ხორბალზე რაღას იტყვით, როგორი მოსავალი მიიღეთ?
- ჰექტარზე 5 ტონა ხორბლის მიღება გაუსაძლისი გვალვის პირობებში ძალიან კარგი შედეგია. ასე რომ, გვალვაში ჩვენმა ქართულმა ხორბალმაც გაამართლა. ახლა უფრო გვაქვს საამაყო, რადგან დაახლოებით 84 ქართული ხორბლის ჯიში გვაქვს გადარჩენილი და მომავალში დასათესი. თუმცა, საქართველოში ხორბლის მოსავლის მხრივ, სამწუხაროდ, საქმე კარგად ვერ გვაქვს; ხორბლის შედარებით კარგი მოსავალი 2003 წელს მოვიდა, როცა ხორბალი 117 ათას ჰექტარზე დაითესა და 225 ათასი ტონა მივიღეთ. ხორბლით თვითუზრუნველყოფამ ამ წელს 24% შეადგინა. 2008 წელს კი ეს მაჩვენებელი 9%-მდე დაეცა. წლეულს გაუსაძლისი გვალვისა თუ ხორბლის კულტურის შეუფასებლობის გამო, მთელ ქვეყანაში მხოლოდ 20 000 ტონამდე ხორბალი მოვიწიეთ. სხვა მონაცემებზე საუბარს აზრი აღარ აქვს. ხორბალი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია. არადა, ჩვენი ქვეყანა თითქმის მთლიანად დამოკიდებულია შემოტანილ ხორბალზე. გლობალური დათბობის პირობებში ან სხვა ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეიძლება უცხოეთშიც იმდენად შემცირდეს ხორბალი, რომ ჩვენთვის გამოსაგზავნი პროდუქტი არავის დარჩეს. ცხადია, გამოსავალი ადგილობრივი ჯიშების ხორბლის წარმოებაა, ამისთვის კი საჭიროა გაიზარდოს ხორბლის თესვის ფართობი, გაიცეს შეღავათიანი კრედიტები, სახელმწიფომ მაქსიმალურად შეისყიდოს ფერმერის წარმოებული ხორბალი, რის თანხასაც რენტაბელური და წარმატებული ფერმერი უკან აუცილებლად დაუბრუნებს. გარდა ამისა, საჭიროა ჯიშთა გამოცდისა და სასელექციო სახელმწიფო სადგურების გაძლიერება, ხორბლის წარმოებაში ინტელექტუალური ძალების მოზიდვა.
- ინტელექტუალური ძალები ახსენეთ... თქვენთანაც კი, წარმატებულ აგროფირმაში, ადვილი შესამჩნევია, რომ ახალგაზრდები არ არიან.
- ეს ქვეყნის პრობლემაა. იმ უნივერსიტეტებში, სადაც თითქოს აგროსაქმეს ასწავლიან, სტუდენტები სრულიად დაშორებული არიან პრაქტიკულ საქმიანობას. უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში კი თეორიულად 40%-ს ასწავლიან, დანარჩენი 60% კი პრაქტიკულ სწავლებაზე მოდის. ამ გზით თუ განვაგრძეთ სიარული, აგროსექტორში კადრების 15-წლიანი ვაკუუმი შეგვექმნება, რაც კარგს არაფერს მოგვიტანს. ერთადერთი დასაყრდენი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული სექტორია, რომელთანაც მემორანდუმი გავაფორმეთ და დიდი იმედით ველოდები მათთან თანამშრომლობას.
ეთერ ერაძე
წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”