"თიბისი ბანკი" საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დაჯილდოვდა

"თიბისი ბანკი" საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დაჯილდოვდა.

"თიბისი ბანკის" ინფორმაციით,  პირველად საქართველოში, "თიბისი ბანკმა" მიიღო მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ჟურნალების, The Banker და Professional Wealth Magazine, მიერ დაწესებული ჯილდო - 2014 წლის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება საქართველოში.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ბანკი წარდგენილი იქნა ამ ნომინაციაში და დასახელდა, როგორც საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურების მქონე ბანკი.  კონკურსში მონაწილეობას იღებდა 136 ბანკი 60 სხვადასხვა ქვეყნიდან. ჟიური დაკომპლექტებული იყო საბანკო ინდუსტრიის 15 ექსპერტით ჩრდილოეთ ამერიკიდან, აზიიდან, ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.

"თიბისი ბანკი" პერსონალური საბანკო მომსახურების საუკეთესო მაჩვენებლებისთვის დაჯილდოვდა. ჟიურიმ შეაფასა პერსონალური საბანკო მომსახურების მომხმარებელთა და არარეზიდენტი პირების ზრდის მაჩვენებელი, მათი მომსახურების ეფექტურობა და შეთავაზებული პროდუქტების მრავალფეროვნება.

The Banker და PWM Magazine პერსონალური საბანკო მომსახურების ჯილდო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჟილდოა მსოფლიოში. გამომცემლობების მიერ ყოველწლიურად ხდება ათობით საუკეთესო ბანკის გამოვლენა პერსონალური საბანკო მომსახურების სფეროში ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის მასშტაბით. ჯილდოს მიზანია შეაგროვოს ბანკების პერსონალური მომსახურების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებელები, რათა გამოავლინოს მათ შორის საუკეთესოები. ბანკები ფასდებიან იმ პროგრესისა და ზრდის მიხედვით, რაც მათ საკუთარი ბიზნეს სტრატეგიის შედეგად მიაღწიეს.