„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილიც მოხვდა. კერძოდ კი, ის პარტიამ მე-11 ნომრად დაასახელა.
ცნობისთვის, დაუშვილი ბიზნესომბუდსმენად 2019 წლის შემოდგომაზე დაინიშნა. მანამდე მიხეილ დაუშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე იყო ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
2020 წლის 29 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დაუშვილი ფლობს სოფელ გომში მდებარე ორ აგარაკს, რომელიც 2017 წელს აქვს შეძენილი, ასევე თბილისში მდებარე 55,6 კვ. მეტრისა და 80 კვ. მეტრი ფართობის ორ ბინას, რომელიც შესაბამისად, 2018 და 2019 წელს აქვს შეძენილი. მის საკუთრებაშია ასევე მსუბუქი ავტომობილი Mercedes-ი.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 2 703 ლარი, ასევე 68 000 ევროს იპოთეკური სესხი ჰქონდა.
რაც შეეხება მის მიერ სხვადასხვა თანამდებობაზე მიღებულ შემოსავალს, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, 2019 წლის იანვარ-ივლისში შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე - 30 183 ლარი; ამავე სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე 2019 წლის აგვისტო- 11 ნოემბრის პერიოდში 17 220 ლარი; ბიზნესომბუდსმენად ყოფნისას ფაქტობრივად 1 თვეში 8 166 ლარი აქვს მიღებული. რაც შეეხება მის მეუღლეს, მისმა შემოსავალმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საერთაშორისო შესყიდვების სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე გასულ წელს - 19 244 ლარი შეადგინა. ამასთან, დაუშვილის მეუღლე, როგორც დეკლარაციაშია მითითებული, ფლობს შპს „ნიკი გრუპის“ 33%-იან წილს,თუმცა, საწარმოს საქმიანობით მიღებული შემოსავალი მას არ უფიქსირდება.