ვალერი მელაძე რუსული ”ფორბსის” 20 ყველაზე მდიდარი რუსი მომღერლის რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს.
თავის დროზე, როცა რუსულ შოუბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამდა, პროდიუსერმა ევგენი ფრიდლიანდმა ქართულ გვარზე უარის თქმა შესთავაზა და რუსული ვერსიაც მოუძებნა - მელადოვა. პროდიუსერი შიშობდა, რომ დამწყებ მომღერალს რუსეთის დიდი სცენის დაპყრობაში ქართული გვარი ხელს შეუშლიდა.
”ამას არასდროს და არაფრის სანაცვლოდ არ დავთანხმდებოდი. ეს ჩემი ოჯახისა და ჩემი გვარისადმი უპატივცემულობა იქნებოდა. მართალია, ბოლო დროს რუსეთში ქართველებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა, მაგრამ ეს მთავრობის ბრალია და არა - ხალხის. ხალხი ყოველთვის სიყვარულით მხვდება და ჩემი ქართველობის გამო არასდროს მიგრძვნია უხერხულობა“, - იხსენებს უკვე ცნობილი მომღერალი და წარმატებული ბიზნესმენი ვალერი მელაძე.
ძმები მელაძეების სახელი საქართველოში 90-იანი წლების ბოლოსკენ გახდა საქვეყნოდ ცნობილი, როცა ვალერი მელაძის ჰიტმა Сэра ათასობით მსმენელი მოხიბლა. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავის „მეორე პროფესია” ბიზნესია. უკვე წლებია, მუსიკალურ სფეროში საქმიანობის გარდა, ქართველი მომღერალი კომერციული საქმიანობითაც არის დაკავებული და მოსკოვში რამდენიმე პოპულარული კლუბის, მათ შორის მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „რიტმ ანდ ბლიუზ კაფეს“ მფლობელია, რომელსაც ანდრეი მაკარევიჩთან ერთად ფლობს. წლების წინ კი ”ინვესტტორგბანკის” დირექტორთა საბჭოს წევრიც იყო.
მომღერლისა და ბიზნესმენის წარმატებული კარიერის შედეგად ვალერი მელაძე რუსული ”ფორბსის” 20 ყველაზე მდიდარი რუსი მომღერლის რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს. მის ქონებას ”ფორბსი” წელს 7,3 მილიონ დოლარად აფასებს, თუმცა შარშან ქართველი მომღერალი 5 მილიონი დოლარის მფლობელი იყო.
თავად მომღერალი იშვიათად საუბრობს თავის ბიზნესსა და მილიონებზე. რამდენიმე წლის წინ კი, როცა რუსული ესტრადის ვარსკვლავი ქართველი მილიონერების სიაში მოხვდა 150 მილიონი დოლარით, ვალერი მელაძემ აღნიშნა, რომ მისი ქონება ქართულ პრესაში ერთობ გადაჭარბებულად შეაფასეს. ”ისეთი ქონება მომაწერეს, რაც არასოდეს მქონია და ალბათ, ამხელა თანხას სიცოცხლის ბოლომდე ვერ დავაგროვებ”, - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავმა.
ვალერი მელაძე 1965 წელს, ბათუმში დაიბადა. ბავშობაში ერთნაირად იტაცებდა მუსიკაც და სპორტიც, ამიტომ მშობლებმა მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს განხრითაც შეიყვანეს და ცურვის შესწავლაც დააწყებინეს. თუმცა, მომავალი მომღერლისთვის ეს გატაცებები საკმარისი არ გამოდგა - მალე საავიაცო წრეზე დაიწყო სიარული და კოსმოსში გაფრენაზე ოცნებობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ვალერი მელაძემ მუშაობა ტელეფონების შემკეთებლად დაიწყო, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს მისი პროფესია არ იყო. ტელეფონების შეკეთების შემდეგ გემთმშენებლობამ გაიატაცა და სწავლა უკრაინაში, ნიკოლაევის გემთმშენებელ ინსტიტუტში გააგრძელა. სწორედ უკრაინაში, ნიკოლაევში მცხოვრებ ძმასთან ჩასვლის შემდეგ, დამწყები გემთმშენებელი მიხვდა, რომ მისი შინაგანი მოთხოვნილება მუსიკა იყო.
”ბიზნესით მხოლოდ იმიტომ ვარ დაკავებული, რომ ჩემი ოჯახის მომავალი უზრუნველვყო. მუსიკა კი ჩემი შინაგანი მდგომარეობის გამოხატვაა და არა - ბიზნესი“, - იტყვის მოგვიანებით.
უკრაინაში გადაბარგებულმა ძმებმა მელაძეებმა პროდიუსერ ევგენი ფრიდლიანდის დახმარებით მალე მოიპოვეს პოპულარობა. 1989 წელს ნიჭიერი ძმები მელაძეები მიიწვიეს ჯგუფში "დიალოგი". ვალერის სიმღერები უკრაინაში მალე გაჰიტდა და 1993 წელს მისი, როგორც სოლო მომღერლის, დებიუტი შედგა. მელაძის პირველი ჰიტი იყო რომანსი, რომლის წყალობითაც ის 1994 წლის აღმოჩენად დასახელდა. მალე ნიჭიერი მომღერალი რუსეთის პრიმადონას, ალა პუგაჩოვას ყურადღების ცენტრში მოხვდა, რაც უკვე იმას ნიშნავდა, რომ ძმები მელაძეებისთვის დიდ რუსეთში გზა ხსნილი იყო. საყოველთაო აღიარება კი ვალერი მელაძეს 1995 წელს გამოსულმა ალბომმა Сэра მოუტანა, რომელიც მაშინვე ჰიტად იქცა.
18-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ვალერი მელაძე წელს ოფიციალურად დაშორდა მეუღლეს, ირინა მელაძეს, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს. პირველ ცოლთან ურთიერთობები ქართველ მომღერალს მას შემდეგ დაეძაბა, რაც ათზე მეტი წლის წინ ჯგუფ ”ვიაგრას” აწ უკვე ყოფილი ვოკალისტი ალბინა ჯანაბაევა მელაძესთან ბექ-ვოკალისტად მივიდა. ”ვიაგრას” სოლისტობამდე და პოპულარობამდე, ალბინა ჯანაბაევა 2004 წელს ბიჭის დედა გახდა. რუსულ შოუბიზნესში ამას მალევე მოჰყვა ხმები, რომ ბავშვის მამა ვალერი მელაძე იყო. თუმცა, ამ ფაქტს ოფიციალურად არც ალბინა ადასტურებდა და არც - ვალერი მელაძე, რომელიც იმხანად ჯერ კიდევ ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა. რუსულ მედიაში ხშირად იწერებოდა, რომ ქართველი მომღერალი მეოთხე შვილს მალავდა, მაგრამ 2009 წელს ვალერი მელაძემ აღიარა, რომ ჰყავს შვილი ალბინა ჯანაბაევასგან, ამ ზაფხულს კი ”ვიაგრას” ყოფილ სოლისტთან მეორე შვილი, ლუკა შეეძინა.
ვალერი მელაძე ხშირად ხუმრობს ხოლმე, რომ ქართველია, რომელმაც 11 წელი გაატარა უკრაინაში, დაამთავრა რუსული სკოლა და არის რუსეთის სახალხო არტისტი. ერთხელ იმაშიც გამოტყდა, რომ ქართულს კარგად ფლობს. თუმცა მშობლიურ ენაზე საუბარი საჯაროდ ერიდება, რადგან თავს არიდებს შეცდომებით საუბარს და ამიტომ ქართულად ლაპარაკს არაფხიზელ მდგომარეობაში ამჯობინებს.
მარი ჯავახიშვილი
სტატიის ინგლისური ვერსია იხილეთ ლინკზე: Valery Meladze - From a phone technician to a millionaire