ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
GDS TV-ის სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირება შეჩერდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ GDS TV-ის სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, მიმდინარეობდა ტელევიზიის "გასართობი" ტელემაუწყებლობიდან საერთო ტელემაუწყებლობაზე მოდიფიცირების პროცესი, რომელიც თავად ტელეკომპანიის განცხადების საფუძველზე შეჩერდა. GDS-ში განმარტავენ, რომ მათი მოთხოვნა ტექნიკურმა მიზეზებმა განაპირობა.

"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს "ჯი-დი-ეს თი-ვი"-ს განცხადების საფუძველზე კომპანიის კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დროებით შეაჩერა. კომისიამ შპს "ჯი-დი-ეს თი-ვი"-ს დასაბუთებული მოთხოვნის გათვალისწინებით, 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო კომპანიის კუთვნილი №B15 და №B125 ლიცენზიების სპეციალიზებული ("გასართობი") ტელემაუწყებლობიდან საერთო ტელემაუწყებლობაზე მოდიფიცირების მიზნით. კომპანიამ საკითხის არსებითი განხილვის სხდომამდე კომისიაში ახალი წერილობითი განმარტება წარმოადგინა, სადაც ნათქვამია, რომ ტექნიკური მიზეზების გამო კომპანია 2015 წლის თებერვლამდე ვერ უზრუნველყოფს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პროგრამების სრულყოფილად მომზადებას, რის გამოც მოითხოვა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება", - აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

როგორც კომისიაში აღნიშნავენ, კომისიამ დააკმაყოფილა შპს "ჯი-დი-ეს თი-ვი"-ს განცხადება და კომპანიის კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შეაჩერა იმ დრომდე, ვიდრე კომპანია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების განახლების თაობაზე ხელახალ წერილობით განცხადებას არ წარმოადგენს კომისიაში.