თბილისში სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი განახევრდა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება უკვე გამოქვეყნდა.
კერძოდ, მთავრობის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი გარკვეული შეღავათით შეძლებს სარგებლობას და 5 მილიონი ლარის ნაცვლად, პირველ წელს 2,5 მლნ ლარს გადაიხდის.
უფრო კონკრეტულად, 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვისთვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი 2 500 000 ლარი იქნება. ასევე 2 500 000 ლარით განისაზღვრა - 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 5 ივლისამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვისათვის პირველი წლის მომდევნო წლის სანებართვო მოსაკრებელი.
ცნობისთვის, სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით 5 მლნ ლარს შეადგენს, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა. ეს გამონაკლისებია: ბათუმი, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები; გუდაურის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია, დაბა ბაკურიანის ტერიტორია, აგრეთვე წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიები; ქალაქ ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებული არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორია, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურში ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორია; ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია; გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის ტერიტორია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთის ტერიტორია და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.